ნინო ბურჯანაძე - დასავლეთმა რუსეთთან ურთიერთობაში ჭკუა ვერ ისწავლა
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე და საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე „ინტერპრესნიუსი“ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს ესაუბრა:

- რუსეთის მოსახლეობამ მეოთხე ვადით ვლადიმერ პუტინი აირჩია. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს და ხომ არ აპირებთ ახლო მომავალში რუსეთში ვიზიტს?

- რადგან რუსეთს ვეხებით, პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ღრმა მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის გამო, რომელიც რუსეთში, ქალაქ კემეროვოში მოხდა. საშინელებაა, როცა ნებისმიერ ადგილზე მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, მით უმეტეს, საშინელი ტრაგედიაა, როცა ამდენი ბავშვია დაღუპული და მართლაც გულწრფელად ვუსამძიმრებ.
რაც შეეხება რუსეთის არჩევნებს, სრულიად ნათელი იყო რით დასრულდებოდა არა იმიტომ, რომ ეს იქნებოდა გაყალბებული ან მანიპულირებული არჩევნები, არამედ იმიტომ, რომ სრულიად ნათელია, რომ ვლადიმერ პუტინს ნამდვილად ალტერნატივა არ ჰყავს და მას აქვს მოსახლეობის ძალიან დიდი მხარდაჭერა. შემიძლია ვთქვა, რომ როგორც მინიმუმ, რუსეთში არჩევნები გაცილებით კარგად ჩატარდა, ვიდრე ტარდება საქართველოში - თავისი ელექტრონული ხმის მიცემით, ვიდეო კამერებით, იმით, რომ უბნების ნაწილი გაუქმდა და ყველა საჩივარზე რეაგირება იყო. იმით, რომ ადამიანები ნამდვილად რიგში იდგნენ და გულწრფელად მიდიოდნენ ხმის მისაცემად და არა ისე, როგორც საქართველოში ხდება, როცა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს ყიდულობს და შედეგებს პირდაპირ წერს.
მნიშვნელოვანწილად, არჩევნების ეს შედეგი განაპირობა იმ წარმოუდგენელმა წნეხმა, რომლის ქვეშაც ახლა არის რუსეთი. დასავლეთმა ვერასდროს ვერ ისწავლა ჭკუა რუსეთთან ურთიერთობაში და ვერასოდეს ვერ ისწავლა რუსული ხასიათი. ის, რომ დასავლეთი სანქციებით და სკრიპალის საქმის გამო დიპლომატების გაძევებით ცდილობს რუსეთი და პუტინი მიაყენოს კუთხეში, ეს რუსეთის შიგნით პუტინს აძლიერებს.
რუსეთს მიიყვანენ იქამდე, რომ რაღაც უბედურებას იზამს თუ ეს მაიმუნობები არ დამთავრდა. ვინმეს სჯერა, რომ სკრიპალი რუსების მოწამლულია საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე? იდიოტები უნდა იყვნენ ეს რომ გაეკეთებინათ. 2 კვირაში საპრეზიდენტო არჩევნები ჰქონდათ, 2 თვეში მსოფლიო ჩემპიონატი აქვთ ფეხბურთში, რომელსაც სულს უბერავენ.
კონდრაშოვის 2- საათიან ფილმში, რომელიც პუტინის ინტერვიუებზეა აგებული, პუტინი თავისი ბავშვობიდან ყვება ერთ-ერთ მომენტს, როდესაც ვირთხა მიიმწყვდია კუთხეში და ეს ვირთხა მას თავზე გადაახტა. პუტინმა თქვა: ”იმ პერიოდიდან ვიცი, რომ კუთხეში არასდროს არავინ უნდა მიიმწყვდიო”. ეს ზოგადი წესია, რომ კუთხეში არ უნდა მიიმწყვდიო არავინ, მით უმეტეს, ბირთვული სახელმწიფო. რასაც დასავლეთი აკეთებს, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელიც შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს მსოფლიოს და პირველ რიგში, ძვირად დაუჯდეს ჩვენნაირ პატარა სახელმწიფოებს, რომლებიც ამაში შეიძლება გაიჭყლიტონ. რუსეთის კუთხეში მიყენება აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის უკურეაქციას და ეს არის დიდი შეცდომა.

- როგორ ფიქრობთ, რუსეთს საქართველო არ ჰყავს კუთხეში მიმწყვდეული?

- ჩვენ არ ვყავართ რუსეთს კუთხეში მიმწყვდეული. ჩვენ თვითონ მივიმწყვდიეთ ჩვენი თავი კუთხეში, მაგრამ ერთია, როდესაც თუნდაც კუთხეში მიგაყენოს საქართველოსნაირი ქვეყანა და მეორეა, როდესაც ბირთვულ სახელმწიფოს მიაყენებ კუთხეში.
მე ყოველთვის ვიყავი იმის მომხრე და ამას ყოველთვის ვეუბნებოდი დასავლეთს, რომ შეცდომაა რუსეთის იზოლაციის, გარიყვის, კუთხეში მიყენების გზა. პირიქით, რუსეთი უნდა ჩართო საერთაშორისო ორგანიზაციებში, საერთაშორისო ურთიერთობებში, საერთაშორისო პოლიტიკაში და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გარკვეული კორექტირება ან ზემოქმედება მის პოლიტიკაზე. ძალით რუსეთის პოლიტიკაზე ზემოქმედება ვერ მოახდინა ვერც ჩინგიზ ხანმა, ვერც ნაპოლეონმა, ვერც ჩერჩილმა, ვერც ჰიტლერმა და მით უმეტეს, ვერ მოახერხებენ დღევანდელი მსოფლიო ლიდერები.

- რაც შეეხება თქვენს რუსეთში ვიზიტს...

- მე აუცილებლად წავალ მოსკოვში და პერიოდულად ვივლი ხოლმე. ამაში ვერ შემიშლის ხელს ვერც ის სულელური ინიციატივა, რომლის მიღებაზეც ახლა პარლამენტში ლაპარაკობენ, რომ თურმე ვინმე თუ მოსკოვში წავა და რუსეთს დაელაპარაკება შეიძლება ციხეში ჩასვან. მე ძალიან გავხალისდები თუ ასეთ კანონს მიიღებენ და ვთქვი კიდეც, რომ პირველივე დღეს ამ კანონის მიღებიდან, წავალ მოსკოვში, გავმართავ შეხვედრებს და რომ ჩამოვალ, ვნახავ როგორ დამიჭერენ.

- ვიზიტის შემთხვევაში, რა საკითხებს დააყენებთ რუსეთთან? საკითხებს შორის, ტატუნაშვილის წამების ფაქტი, ოკუპირებული ტერიტორიები იქნება?

- ყველა შეხვედრის დროს, ეს იქნება ოფიციალური თუ არაოფიციალური, მე ვახმოვანებ ყველა იმ თემას, რომელიც აწუხებს საქართველოს როგორც სახელმწიფოს და მის მოსახლეობას. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ, როდესაც სახელმწიფო თავად არის აბსოლუტურად არაფრისმაქნისი, უსუსური, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან არ არის აქტიური ნაბიჯები, ვერ ბედავს იმასაც კი, რომ იგივე ტატუნაშვილის ტრაგედიასთან დაკავშირებით მიწერილ წერილში ქვეყნის პირველმა პირმა მიმართოს პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტს, ან პრემიერს, ის ზოგადად წერს რუსეთის ხელისუფლებას. რუსეთის ხელისუფლება ვინ არის? კრასნოდარის გუბერნატორი, კემეროვოს მერი თუ რუსეთის პრეზიდენტი? როცა ამას ვერ ბედავს საქართველოს ხელისუფლება და როცა პარალელურად რუსეთს აწყობს სტატუს-კვო, ძალიან რთულია ამ დროს, შენდამი კეთილგანწყობისა და პატივისცემის მიუხედავად, რაიმე რეალური გადაწყვეტილებები ჩამოიტანო რუსეთიდან. ამის მიუხედავად, ბუნებრივია, ჩემს კონტაქტებს და მცდელობებს, რომ რაღაცნაირად სწორ გზაზე წავიდეს რუსულ-ქართული ურთიერთობები, ვაგრძელებ.

- ბოლო დროს, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის არაეფექტურობაზე, ამ ფორმატის გადახედვაზე თუ მის გაუქმებაზე საუბრობენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა გაუქმდეს თუ არა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი?

- არ შეიძლება რომელიმე ფორმატის გაუქმება იყოს თვითმიზანი. მე ვიტყოდი ასე - ჟენევის ფორმატი სამწუხაროდ, ეფექტური არ არის. ეს მხოლოდ ჩემი სიტყვები არ არის, ამაზე საუბრობენ თანათავმჯდომარეები და დიპლომატები, რომლებიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ. რეალურად, ვხედავთ, რომ ჟენევის ფორმატს, ამდენი წლის განმავლობაში არაფერი გადაუწყვეტია, მაგრამ მე არ ვიჩქარებდი ამ ფორმატის გაუქმებას, იმიტომ, რომ რაც მეტი მოედანი იქნება, სადაც შეიძლება მხარეები საუბრობდნენ, მით უკეთესია, მაგრამ უნდა შეიქმნას ახალი ფორმატი, სადაც რეალური იქნება საკითხების გადაწყვეტა და საკითხებზე მწავე დიალოგი. ასეთი ფორმატი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ მაღალი რანგის თანამდებობის პირების პირდაპირი შეხვედრა. როდესაც გიორგი კვირიკაშვილმა დაწერა, რომ ჟენევის ფორმატში ავამაღლოთ დონე და პრემიერ-მინისტრები შევხვდეთ ერთმანეთსო, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ, ცოტა სასაცილოა ეს განცხადება. წარმოგიდგენიათ, რომ პუტინი ან მედვედევი ჟენევაში ჩავა და იქ დაელაპარაკება კვირიკაშვილს?! ჩვენ ხომ გვესმის, რომ ეს აბსოლუტურად სისულელეა, როგორც თავის დროზე საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვა, პუტინს კი შევხვდებით, მაგრამ მესამე ტერიტორიაზეო. ანუ პუტინი ადგება და გადაფრინდება ჟენევაში ან რომელიმე კუნძულზე რომ კვირიკაშვილს ან მარგველაშვილს შეხვდეს? ცოტა ადეკვატურები ვიყოთ! რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი, მნიშვნელოვანი, საყვარელი ჩვენი ქვეყანაა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველაზე მაგარი და დიდი ქვეყანა ჩვენ ვართ მსოფლიოში.

- რამდენად მისაღებია აფხაზეთთან და ”სამხრეთ ოსეთთან” პირდაპირი დიალოგი და თქვენი აზრით, შედის თუ არა ეს საკითხი რუსეთის ინტერესებში?

- რუსეთის ინტერესში თუ შედის, კარგი სდომებია ჩვენთვის იმიტომ, რომ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის გარეშე ამ კონფლიქტის მოგვარება გამორიცხულია. ყველა ის ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს, რომ აფხაზებსა და ოსებს არ უნდა ველაპარაკოთ, არის შეცდომაში შესული, ან რაღაც ინტერესებს ემსახურება. როგორ წარმოგიდგენიათ შერიგება თუ არ დაილაპარაკებს ქართველი და ოსი, ქართველი და აფხაზი? რუსებს ან ამერიკელებს ვეტყვით შეგვარიგეთო და შეგვირიგდებიან?! ასე ხომ არ ხდება. ყველაზე დიდი შეცდომა ქართული მხარის, თითოეული ჩვენგანის არის ის, რომ ამდენი ხანი აფხაზებსა და ოსებს პირდაპირი დიალოგით არ ვესაუბრეთ. 2003 წელს, როდესაც ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ვასრულებდი პრეზიდენტის მოვალეობას, შევთავაზე ”ვარდების რევოლუციის” ორ ლიდერს - ზურაბ ჟვანიას და მიხეილ სააკაშვილს, რომ მე მზად ვიყავი ჩავსულიყავი სოხუმში და ცხინვალში, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი და ბოდიშიც კი მომეხადა აფხაზი და ოსი დებისთვის და ძმებისთვის. მე მათ ვუთხარი, რომ მე ვარ ქალი, მე ვარ დედა, ვარ დროებითი პრეზიდენტი და შემიძლია ეს გავაკეთო, რომ ამით შემიძლია გაგითავისუფლოთ მოედანი შემდგომი საუბრისთვის. 5 წლით არჩეულ პრეზიდენტს არ ექნებოდა ბოდიში მოხდილი, მე მექნებოდა ბოდიში მოხდილი და ეს იქნებოდა ნაბიჯი ახალი ურთიერთობების დასაწყებად. ამავე დროს, უნდა ვთქვა, რომ ბოდიშის მოხდა არ ნიშნავდა იმის აღიარებას, რომ ყველაფერში ჩვენ ვართ დამნაშავე და ისინი მართლები არიან. ასე არ ხდება, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ ჩვენ ვართ სატიტულო ერი საქართველოში, ანუ ქართველები - რა სახელიც ჰქვია ქვეყანას, ვინაიდან ჩვენ ვართ უფრო მრავალრიცხოვანნი ვიდრე აფხაზები და ოსები და ვინაიდან ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ჩვენ უნდა გადაგვედგა პირველი ნაბიჯი აფხაზი და ოსი თანამემამულეების მიმართ. კატეგორიულად წინააღმდეგი წავიდა ორივე. ფორმალურად მითხრეს, რომ ეს შენს პოლიტიკურ კარიერაზე იმოქმედებსო, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ვხედავ, რომ არავის არ სჭირდებოდა, რომ ბურჯანაძეს ის ნაბიჯი გადაედგა, რომელიც იმ ეტაპზე შეიძლებოდა კრიტიკის ქარცეცხლში გატარებულიყო, მაგრამ წლების მერე ისტორიულ და სამშობლოსთვის გადადგმულ ნაბიჯად ჩათვლილიყო.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვიდრე ჩვენ აფხაზებს და ოსებს არ დაველაპარაკებით, ვერასდროს ვერ მოვაგვარებთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემას და ამას აუცილებლად უნდა დაემატოს ლაპარაკი რუსეთთან.

- როგორ ფიქრობთ, საჭირო არის თუ არა, რაიმე სხვა მექანიზმის შემუშავება რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლები შევიდნენ?

- მე ყოველთვის მომხრე ვარ დამკვირვებლების შესვლის, უცხოელების თვალი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ დამკვირვებლების იქ ყოფნა ყველა პრობლემას მოაგვარებს. ხშირად ყოფილა აფხაზეთსა და ოსეთში დამკვირვებელთა მისია, მაგრამ იქ პრობლემები არსებობდა. იგივეა დონბასშიც, დამკვირვებლები შედიან, მაგრამ პრობლემები არსებობს. ვფიქრობ, ამ პრობლემების მოგვარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქართული მხარე იყოს ეფექტური. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ხალხს ვერ იცავს ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ე.წ. საზღვართან და ელემენტარულად, ვერ ახერხებს ურთიერთობების დალაგებას. რომ ყოფილიყო ელემენტარული დიალოგი ქართულ და ოსურ მხარეს შორის, ტატუნაშვილი დღეს იქნებოდა ცოცხალი. ჩვენ არ ვიცით, რეალურად რა მოხდა იქ. არ ვიცით, ეს ახალგაზრდები რატომ დააკავეს მიუხედავად იმისა, რომ ადრეც გადადიოდნენ ცხინვალში, მაგრამ როგორც მინიმუმ, ჩვენ რომ გვქონოდა დიალოგი, თუ ცოცხალი არ იქნებოდა ტატუნაშვილი, ამ უბედურებას ისიც არ დაემატებოდა, რომ ოჯახი 3 კვირის განმავლობაში აწიოკებული იყო და მიცვალებულს მიწას ვერ აბარებდა. როცა არ გვაქვს ელემენტარული ურთიერთობა ოსურ და აფხაზურ მხარესთან, ხდება ასეთი გამწვავებები.

- შემოდგომაზე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. როგორც ვიცით, კენჭისყრას აპირებთ. მხოლოდ თქვენი პარტიის კანდიდატი იქნებით თუ „ლიდერთა საბჭო“ წარგადგენთ?

- მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დრო არ არის არჩევნებამდე დარჩენილი, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ცოტა რთულია ამაზე საუბარი. ჯერ ერთი, ოპოზიციაში მიდის ძალიან სერიოზული მსჯელობა ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით. „ლიდერთა საბჭო“ ამ საკითხს ძალიან აქტიურად იხილავს და ვფიქრობ, ეს არის ძალიან სწორი ნაბიჯი - ერთიანი კანდიდატის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება ბიძინა ივანიშვილის ფულთან დაპირისპირება. ჩვენ ფულით მაინც ვერ დავუპირისპირდებით, მაგრამ ოპოზიციური ერთიანობა გადაწონის იმ ფულს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დაიხარჯება და რომელსაც მერე ძალიან ადვილად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამოიღებს, როგორც ეს წინა არჩევნებზე გააკეთა. რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად ვფიქრობ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაზე. თუ რამე შანსი არსებობს დარჩენილი, რომ საქართველომ სახელმწიფოებრიობა დაიბრუნოს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტის დარეგულირებისკენ გადადგას ნაბიჯი და ასევე ნაბიჯი გადადგას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, ამის შანსი მაქვს მხოლოდ მე და სხვას არავის. თუ ვინმე გამოჩნდება, ვინც დაასაბუთებს, რომ ჩემზე მეტი შანსი აქვს ქვეყანას ეს პრობლემები მოუგვაროს, არც დავფიქრდები, თავადაც დავუჭერ მხარს, მაგრამ ასეთ ადამიანს ვერ ვხედავ.
მეორე მხრივ, სერიოზულად ვფიქრობ, ექნება თუ არა არჩევნებში მონაწილოებას აზრი. თუ მოსახლეობა არ გამოფხიზლდა და მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უკმაყოფილოა ივანიშვილით და დღევანდელი ვითარებით სახლში დარჩა, ან ის ნაწილი გახდა აქტიური, ვინც 50 ლარად თავისი შვილის მომავალს ყიდის, მაშინ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. თუ მე დავინახე, რომ საზოგადოება იწყებს გამოფხიზლებას და კრიტიკულად უყურებს არსებულ რეალობას, როდესაც ერთმა კაცმა ქვეყანა იყიდა და ჩვენ ყველას გვიყურებს, როგორც მის მომსახურე პერსონალს, თუ ამას საზოგადოება არ შეეგუება, მე მზად ვარ რიგითი ჯარისკაცის ფუნქციაც შევასრულო. თუმცა, როცა პელე ჰყავთ, გორის „დილას“ ფეხბურთელს არ ათამაშებენ. უკაცრავად, რომ ჩემს თავზე ასე ვლაპარაკობ, მაგრამ, როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილს ასეთი გამოფხიზლება ნამდვილად სჭირდება და როგორც მე ვხედავ, პოლიტიკოსებში თავმდაბლობას დიდად ხალხი არ აფასებს. მე ჯერ ჩემს მეგობრებთან ბოლომდე არ ვარ ჩამოყალიბებული, ვიქნები პარტიული კანდიდატი თუ - ერთიანი ოპოზიციის.

- ვის მიიჩნევთ თქვენს მთავარ კონკურენტად? ან რომელი პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი იქნება თქვენი მთავარი მეტოქე? ეს იქნება სახელისუფლებო კანდიდატი?

- მე არ მივიჩნევ კონკურენტად სახელისუფლებო კანდიდატს იმიტომ, რომ მნიშვნელობა არ აქვს ის რა გვარი იქნება. კონკურენტი იქნება ბიძინა ივანიშვილის ფული და ფაქტორი იქნება ხალხის ნიჰილიზმი, უიმედობა, პასიურობა. არაფერს სხვას კონკურენტად ნამდვილად არ მივიჩნევ.
არსებული რეალობა შეიძლება შეცვალოს ხალხის ერთიანობამ, განცდამ და სურვილმა, რომ ქვეყანა არ იყოს პატარა, იზლირებული კუნძულივით ერთი კაცის მიერ ნაყიდი, რომ ქვეყანა არ იყოს ერთი მდიდარი კაცის საწარმო, რომ ქვეყანა არ იყოს გადაქცეული ბიძინა ივანიშვილის ეზოდ, სადაც, როცა უნდა ხეს მოთხრის, გადარგავს, გადმორგავს, ძეგლს დადგამს, თბილისის იერსახეს შეცვლის ... როდესაც ამას არ შეეგუებიან ადამიანები, ეს იქონიებს გადამწყვეტ როლს. როდესაც ხალხი გამოვიდა და დადგა ფეხზე, მხოლოდ მაშინ შეიცვალა ხელისუფლებები.

- როგორ ფიქრობთ, ეს ხელისუფლება როგორ შეიცვლება?


- ეს გადაწყვიტოს ხალხმა. მგონია, რომ რა სიტუაციაც არის ქვეყანაში, არის მოუთმენელი. არ მგონია, რომ ყველაზე ცუდად მე ვცხოვრობ საქართველოში. თუ ადამიანებისთვის არაფერს არ ნიშნავს ის, რომ ივანიშვილმა ნახევარი აჭარა მოთხარა და თავის ბაღში გადაიტანა; თუ ადამიანებისთვის არაფერს ნიშნავს, რომ სასამართლო არ არსებობს; თუ ადამიანები კმაყოფილები არიან იმით, რომ მართალია, თავში ჯოხს აღარ ურტყამენ, მაგრამ რეალურად, ქვეყნისთვის არაფერი შეცვლილა და ერთი ნაბიჯი წინ არ გადაგვიდგამს; თუ ადამიანებს არ აწუხებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 2/3 შიმშილობს და მაცივარი ცარიელი აქვს, მე როგორ გავაკეთო პროგნოზი. ძალიან დიდი ბოდიში ამას რომ ვამბობ, სწორად გამიგეთ, მე არ მშია, არ მწყურია, ელემენტარული პრობლემები არ მაქვს, მაგრამ მაინც ვიბრძვი, რომ ამ ქვეყანას რაღაცა ეშველოს და არ იყოს ასე გაუბედურებულ მდგომარეობაში. ჩემსავით თუ არა, ჩემი მეათედი ენერგია არ უნდა დახარჯოს იმან, ვისაც შია, სწყურია და დედისთვის და მამისთვის წამლის ფული არ აქვს? მარტო ჩემი ბრძოლა რომ შველოდეს ამას, არავის არ ვამადლი, მაგრამ ვერც ერთი ადამიანი და ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ამას მარტო ვერ გააკეთებს.

ესაუბრა ნინო ხოზრევანიძე
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234