ნინო ბურჯანაძე - ჟენევის შეხვედრა სრული ჩავარდნით დამთავრდა, არც ერთი ნაბიჯი წინ
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჟენევის დისკუსიების 43-ე რაუნდს წარუმატებლად აფასებს და ამაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს.

„აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართებაში არც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი არ გვაქვს. პირიქით, ყოველდღიურად უფროდაუფრო ჩიხში შევდივართ. დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ უუნარობით აკანონებს იმ სტატუს-კვოს, რომელიც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. ამის ერთ-ერთი თვალნათელი მაგალითია ის შედეგები, რომლითაც მთავრობა ჩამოვიდა ჟენევის მოლაპარაკებიდან. მაშინ, როდესაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ეს რაუნდი ქვეყნისათვის სასიკეთოდ დასრულდებოდა, ყველაფერი დამთავრდა სრული ჩავარდნით და ნაბიჯი არათუ წინ გადაიდგა, არამედ უარეს ჩიხში აღმოვჩნდით. ეს არის იმის ბრალი, რომ ქვეყანას ჰყავს არაკომპეტენტური მთავრობა, რომლის მარჯვენა ხელმა არ იცის, რას აკეთებს მარცხენა. პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ხელისუფლების მიმართ გაგზავნილ წერილში ერთმნიშვნელოვნად მიუთითა ჟენევის ფორმატის გადახედვის თაობაზე. პრემიერის ინიციატივა გახლდათ, რომ ჟენევის ფორმატი უფრო მაღალ რანგში ავიდეს და მოლაპარაკებების მაგიდასთან უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები დასხდნენ. ამ დროს, ჩვენ ვხედავთ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან სრულიად საპირისპირო განცხადებას, სადაც იგი ამბობს, რომ ჟენევის ფორმატს არანაირი ცვლილება არ სჭირდება და რომ იგი იდეალურია საქართველოსთვის“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google