ნინო ბურჯანაძე - სამთავრობო ცვლილებები არ არის საინტერესო, რადგან სახელებსა და გვარებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებები არ არის საინტერესო, რადგან „სახელებსა და გვარებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“.

მისი თქმით, ქვეყნის და ხალხის მთავარი პრობლემა ერთი მდიდარი კაცია, რომელიც წყვეტს როგორ მართოს საქართველო საკუთარი სახლიდან.

„მე არ მგონია, რომ საქართველოში ვინმეს ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ამ ქვეყანაში რამე გადაწყვეტილება მიიღება, მათ შორის მინისტრების გადაადგილებასთან დაკავშირებითაც. მე, როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტი, საქართველოს ყველა მინისტრს წარმატებას ვუსურვებ, რადგან მინდა, ამ ქვეყანაში საქმე გაკეთდეს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი მინისტრი რა თანამდებობაზე იქნება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი საკუთარი სახლიდან, როგორც კოლმეურნეობას, ისე მართავს ჩვენს ქვეყანას, მით უმეტეს იმ სრული არაკომპეტენტურობის და უუნარობის ფონზე, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძის კომენტარს „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
FaceBook Twitter Google