ნინო ბურჯანაძე - ბოკერია, უგულავა და ივანიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და ნინია კაკაბაძის კანდიდატურის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის კანდიდატურის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ის პირველი იყო, ვინც „ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ ფარულ ალიანსზე და კოალიციაზე საუბრობდა, რაც დღეს უფრო ცხადი გახდა.

„ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელში ნინია კაკაბაძეს დაამტკიცებდნენ, ერთი კვირით ადრე, მე ამის შესახებ ვიცოდი, რადგან გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ხელმეორედ უნდა დამდგარიყო და დაემტკიცებინათ. ასეთი გარიგებები ივანიშვილსა და ბოკერიას შორის ბევრია და უფრო მეტი იქნება, რაც მმართველ გუნდში ღია დაპირისპირებას უფრო თვალსაჩინოს გახდის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მმართველ გუნდში გასაგები და მოსალოდნელი პროცესები მიმდინარეობს.

„ოცნებაშიც“ არიან ადამიანები, რომლებსაც ელემენტარული თავმოყვარეობა აქვთ. მართალია, მათ ესმით, რომ ბიძინა ივანიშვილის წყალობით მოხვდნენ პარლამენტში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტურ მონებად გადაიქცევიან. მით უფრო მაშინ, როდესაც პროცესები არასწორი მიმართულებით მიდის. გედი ფოფხაძემ, ნუკრი ქანთარიამ, დავით ჭიჭინაძემ მეტ-ნაკლებად გამოავლინეს თავმოყვარეობა“, - ასე ეხმაურება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი „ქართულ ოცნებაში“ პარტიულ დაპირისპირებას.

ნინო ბურჯანაძის კომენტარს „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
FaceBook Twitter Google