ნინო ბურჯანაძე : „ბოკერია რომ არ ჰყოლოდა სააკაშვილს გვერდზე, შეიძლება ქვეყანაში ამდენი უბედურება არ დაეტრიალებინა"
"არ ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე შანსი აქვს ქვეყანაში დაბრუნების, თუ ხალხი არ გაგიჟდა. იმედია, ხალხი არ გაგიჟდება. გიგა ბოკერია დღეს პარლამენტში ზის და პოლიტიკას განკარგავს. მაინტერესებს, რამე მნიშვნელობა აქვს სააკაშვილი იქნება საქართელოს ხელისუფლებაში თუ ის?!"- განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ბოკერიას მეტი თუ არა, არანაკლები პასუხისმგებლობა აქვს ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რასაც სააკაშვილს ედავებიან.

„ბოკერია რომ არ ჰყოლოდა სააკაშვილს გვერდზე, შეიძლება ქვეყანაში ამდენი უბედურება არ დაეტრიალებინა. მერე რა, რომ სააკაშვილზე ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ვარ. უსამართლოდ და უსინდისოდ მოიქცა, შეიძლება მტერს ებრძოლო და ჩვენ მტრები ვიყავით ბოლოს, მაგრამ არ უნდა გადახვიდე იმ მეთოდებს, რაც ნორმალური ადამიანისათვის მისაღებია. ყველაფერი იკადრა სააკაშვილმა ჩემთან, ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან მიმართებაში, რისი კადრებაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მაინცდამაინც სააკაშვილის დაბრუნება არ მინდა საქართველოში. მე არ მინდა პოლიტიკური სააკაშვილის დაბრუნება. ჩემთვის მთავარია, რომ იმ მენტალიტეტმა არ მართოს ქვეყანა და ვერ მოიკიდოს ფეხი საქართელოში. ამას სააკაშვილი ერქმევა, უგულავა, ბოკერია თუ რამე სხვა გვარი, -მნიშვნელობა არ აქვს.“- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google