ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ „ევროპული საქართველო“ და ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე შეთანხმებულად იმოქმედებენ
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ „ევროპული საქართველო“ და ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე შეთანხმებულად იმოქმედებენ. ამის შესახებ ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. „ევროპული საქართველო“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის სატელიტი პარტიაა და ბოკერია-უგულავა-ბაქრაძესა და ივანიშვილს შორის მომხდარი გარიგების მიზანი 2020 წელს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების კოალიციურ მთავრობაში შეყვანაა.

„ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა და ეს დადასტურდა ბევრი ფაქტით, რომ „ევროპული საქართველო“ სატელიტი პარტიაა ბიძინა ივანიშვილის. „ევროპულ საქართველოსა“ და ბიძინა ივანიშვილს შორის არის გარიგება, რისი საბოლოო მიზანიც არის მინიმუმ კოალიციურ მთავრობაში შეყვანა 2020 წელს „ევროპული საქართველოსი“. თუ გამოუვათ ამერიკელებს, შეიძლება საერთოდ ხელისუფლების გადაბარებაც მოხდეს. ისინი შეთანხმებულად იმოქმედებენ საპრეზიდენტო არჩევნებზეც. შეთანხმებულად მოქმედებდნენ საპარლამენტო არჩევნებამდე, შეთანხმებულად მოქმედებდნენ, როცა გაიყო “ნაციონალური მოძრაობა“. მცდელობა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ცოდვა დარჩეს იმ პარტიას, რომელსაც დღეს სახელად დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“ და ბოკერია-ბაქრაძე-უგულავა და ის ხალხი, ვინც რეალურად იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ბირთვი, ისინი ვითომ ახალი და „ევროპული საქართველო“ არიან, ამით ვის ატყუებენ?!“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ ოპოზიცია ასეთ კანდიდატზე შეჯერდება. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ყველა, ვინც საუბრობს საპრეზიდენტო კანდიდატებზე, ჩქარობს, ვინაიდან ჯერ ოპოზიციის ლიდერებს შორის კონსულტაციები არ დასრულებულა.

„დავით უსუფაშვილმა მგონია იჩქარა, ვინაიდან ვფიქრობ ჯერ სწორი იქნებოდა კონსულტაციები გამართულიყო ოპოზიციურ ლიდერებს შორის. პარალელურად იმართება კონსულტაციები და ძალიან კარგი იქნება, თუ ოპოზიციის ნაწილი შეთანხმდება ერთიან კანდიდატზე“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება მოქმედი პრეზიდენტის გარშემო ოპოზიციის გაერთიანებას, როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ჯერ თავად გიორგი მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა მეორე ვადით პრეზიდენტობა.

„თვითონ პრეზიდენტი ვერ ჩამოყალიბებულა, რა უნდა ცხოვრებაში?! უნდა მეორე ვადით პრეზიდენტობა თუ არა. ოპოზიციური გაერთიანება თვითმიზანი არ უნდა იყოს. ოპოზიციური გაერთიანების მიზანი უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და არა ის, რომ ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი კანდიდატურა დააყენოს. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი მარგველაშვილი მზადაა რეალურად შეებრძოლოს ბიძინა ივანიშვილს, მისთვის ხელისუფლების წასართმევად. ის არ აღოჩნდა პრეზიდენტის მოწოდების სიმაღლეზე, ჩემი პატივისცემის მიუხედავად“, - განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა პრინციპული პოზიცია მხოლოდ ერთხელ, ავლაბრის რეზიდენციასთან მიმართებაში დაიჭირა.
FaceBook Twitter Google