ნინო ბურჯანაძე - სიმბოლიკასთან ბრძოლას თავი დავანებოთ და ვებრძოლოთ იმ ცუდს, რაც დღევანდელ საქართველოში ნათლად იმეორებს იმას, რაც საბჭოთა ეპოქაში არ მოგვწონდა
სიმბოლიკასთან ბრძოლას თავი დავანებოთ და ვებრძოლოთ იმ ცუდს, რაც დღევანდელ საქართველოში ძალიან ნათლად იმეორებს იმას, რაც საბჭოთა ეპოქაში არ მოგვწონდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 9 მაისთან დაკავშირებით ვაკის პარკში საბჭოთა სიმბოლიკით ჯგუფების (კომუნისტური პარტია, საქართველოს უკვდავი პოლკი) მოსვლის კომენტირებისას განაცხადა.

"რას ნიშნავს საბჭოთა სიმბოლიკა, როდესაც ლაპარაკია 9 მაისზე. ეს ადამიანები და ნახევარი მსოფლიო ამ სიმბოლიკით იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. ელემენტარული უგუნურობა არ უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ",- განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ამ სიმბოლიკასთან ბრძოლა უძლურების ნიშანია.

"მინდა, ყველას და პირველ რიგში, ომის ვეტერანებს, ვინც დარჩა ცოცხალი და მათი ოჯახის წევრებს მივულოცო ეს ძალიან დიდი დღე. 9 მაისი არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს იმ ადამიანების ბრძოლა, თავგანწირვა, რომლებმაც თავი გასწირეს იმისთვის, რომ მსოფლიოს ეს შავი ჭირი თავიდან მოეშორებინა. ძალიან გამიხარდა, რომ დღეს აქ დავინახე ადამიანები ომის მონაწილეების ფოტოებით, ეს მართლაც უკვდავი აქციაა. ყველას უნდა გვახსოვდეს ეს ადამიანები და მადლობელი ვიყოთ მათი. მე ყოველთვის გულდაწყვეტილი ვამბობდი იმას, რომ ჩვენ მაინც ვერ გამოვხატეთ ის დიდი პატივისცემა, რასაც იმსახურებდნენ ეს ადამიანები. მათ ვერ მიიღეს სახელმწიფოსგან ის ყურადღება, ის სითბო, რასაც იმსახურებდნენ. განსაკუთრებით სამწუხაროა ის, რომ ისინი მოესწრნენ იმ დღეს, როდესაც ეს ძალიან დიდი დღესასწაული ზოგიერთმა უგუნურმა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თუმცა ეს ჩრდილს ამ დიდ დღეს ნამდვილად ვერ მიაყენებს",- განაცხადა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google