ნინო ბურჯანაძე - სისხლიანი 26 მაისი დღემდე არ არის გამოძიებული
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე და მისი მხარდამჭერები, დღეს 23:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს გაიხსენებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს.
ამასთან პარტიის ინფორმაციით, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა 2011 წლის 26 მაისის აქცია კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო ღირსეული ადამიანების ბრძოლა უღირსი ხელისუფლების წინააღმდეგ.

„2011 წლის 26 მაისი იყო უპრეცენდენტო მოვლენა საქართველოს ისტორიაში. მე ამაყი ვარ, რომ 2011 წელს 26 მაისს გამთენიისას ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ვიდექი რუსთაველის გამზირზე, ეს იყო ბრძოლა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, ეს იყო ბრძოლა ძლიერი სახელმწიფოს შენებისთვის, ეს იყო ღირსეული ადამიანების ბრძოლა უღირსი ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია. აქციაზე მისულ ადამიანები პოლიციელებმა ალყაში მოგვაქციეს, გასავლელი გზები გადაგვიკეტეს, ბორკილებ დადებული ადამიანები ასფალტზე დაყარეს და სასტიკად სცემეს. „მეტი დაკავებული, მეტი პრემია“ - ასეთი იყო მაშინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანება და პოლიციელებმა ეს დავალება ზედმიწევნით შეასრულეს.

ჩვენ მოგვატყუა ბატონმა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. სისხლიანი 26 მაისი დღემდე არ არის გამოძიებული, დასჯილიც არავინ არის. ნურავინ ნუ გვეტყვის, რომ მხოლოდ ვანო მერაბიშვილმა უნდა აგოს პასუხი. ეს ზღვაში წვეთია. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ასევე პრემიების სანაცვლოდ დანაშაულებრივ ბრძანებას ასრულებდნენ.

არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელმაც გასცა ბრძანება რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეთა სისხლით გადაერეცხა პოლიციას. დღემდე არ არის გამოტანილი პოლიტპატიმრებზე გამამართლებელი განაჩენი. ივანიშვილის ხელისუფლებამ 26 მაისის საქმე თაროზე შემოდო“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google