ნინო ბურჯანაძე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ულოცავს
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა და ერს გამთლიანება და ძლიერ სუვერენულ სახელმწიფოში ცხოვრება უსურვა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, მას სურს საქართველო იყოს ისეთი სადაც ყველა მოქალაქე ღირსეულად იგრძნობს თავს.
„მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს, თითოეულ თქვენგანს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მივულოცო, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. 26 მაისი არის თარიღი, რომელიც დაკავშირებულია თაობების ოცნებებთან და თაობების ბრძოლასთან, რათა საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო ყოფილიყო. მინდა, ყველას ვუსურვო ყველა მომავალი 26 მაისი იყოს მშვიდობიანი და მოუტანოს საქართველოს განვითარება, წარმატება, ერთიანობა წინსვლა და ეკონომიკური აღორძინება. მინდა ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი სადაც ყველა მოქალაქე ღირსეულად იგრძნობს თავს.

სამწუხაროდ, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებითაც კი ჩვენ გვიწევს ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც საქართველოში არსებობს, დღესაც დამოუკიდებლობის 100 წლის თავზე ჩვენ ვდგევართ უზარმაზარი პრობლემების და გამოწვევების წინაშე. დღეს საქართველო არ არის მთლიანი, საქართველოს გული დაგლეჯილია, საქართველო არ არის რეალურად დამოუკიდებელი, საქართველო არ არის ეკონომიკურად განვითარებული და საქართველოს მოსახლოების დიდი ნაწილი ცდილობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიდეს, რათა იქ შეძლოს თავისი შესაძლებლობების რეალიზება ან საკუთარი ოჯახისათვის ლუკმა-პურის შოვნა. ამაში რა თქმა უნდა, დამნაშავე მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლება არ არის, თუმცა დღევანდელ ხელისუფლებასაც ქონდა 6 წელი იმისათვის, რომ ქვეყანა სწორ გზაზე წაეყვანა, ეკონომიკური მდგომარეობა გაეუმჯობესებინა და შეესრულებინა ის დაპირებები, რაც ჩვენ 6 წლის წინ გვესმოდა. არც ერთი ნაბიჯი ბოლო 6 წლის განმავლობაში არ არის გადადგმული არც ქვეყნის გამთლიანების არც ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის და არც ქვეყნის გაერთიანების მიმართულებით. ეს სამწუხაროა და ამას საქართველოს მოსახლეობა არ უნდა შეეგუოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი 26 მაისისთვის უკვე ისეთ ხელისუფლებით უნდა შეხვდეთ დღესასწაულს, რომელიც რეალურად არ იქნება არავის ვასალი და არავისზე დამოკიდებული“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google