ნინო ბურჯანაძე: „მალე ივანიშვილი დასრულდება!“
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვის დაასახელებს დღს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
„ლოგიკურია შეკითხვები, ვინ შეცვლის კვირიკაშვილს. მაგრამ მერწმუნეთ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გახარია, ბახტაძე თუ სხვა ვინმე. არც მაინტერესებს კანდიდატების გვარები. ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად მთავარი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც არ იცის ქვეყნის მართვა და პოლიტიკაში არ იცის არაფერი.
კვირიკაშვილის გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა. ვის სჯერა, რომ კვირიკაშვილს რამე ეკითხებოდა ამ ქვეყანაში ან ვის სჯერა, რომ მის შემცვლელს შეეკითხება ბიძინა რამეს?“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი დარწმუნებულით აცხადებს, რომ ივანიშვილმა ძალაუფლების დაკარგვის შიში იგრძნო და თავის გადარჩენას სამთავრობო ცვლილების გატარებით ცდილობს.
„როდესაც სარალიძე მაჩალიკაშვილის ერთ ამოძახილზე რუსთაველზე ათასობით ადამიანი გავიდა და მათგან უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ, მე მაშინ ვთქვი, რომ ეს იყო ივანიშვილის დასასრულის დასაწყისი. ზუსტად ასე მოხდა. ეს არის უკვე ჯაჭვი და ჯაჭური რეაქცია აუცილებლად გაგრძელდება. ძალიან მალე ივანიშვილი დასრულდება. ასე სამარცხვინოდ დაასრულებს ყველა ის ადამიანი, ვინც იქნება ხელისუფლებაში და შეეცდება ქვეყანა გადააქციოს საკუთარ ეზოდ და ხალხი ამ ეზოს მოსამსახურებად. ჩვენი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილზე და იმ საშიშ, მახინჯ სისტემაზე, რომელიც მან არათუ შეინარჩუნა, არამედ გააძლიერა. ხალხი ყოველთვის არ მოითმენს.“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.


FaceBook Twitter Google