გიგლა ბარამიძე: `ივანიშვილი ხარაკირის იკეთებს. მან შეიძლება აეროპორტის ასაფრენ ბილიკამდე ვერ მიაღწიოს
"საკადრო საკითხებში წარმმართველი გიგა ბოკერიაა. პალიკო კუბლაშვილი
არასამთავრობოებთან მუშაობს"
რა ხდებოდა "ოცნების" დახურულ შეხვედრაზე, ვინ აძლევს რჩევებს ბიძინა
ივანიშვილს, რა შეცდომებს უშვებს ყოფილი პრემიერი, რატომ დაემუქრა მთავრობას თეა
წულუკიანი, რატომ არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მომავალი პრემიერი? - ამის შესახებ
"ახალ თაობას"  ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

გიგლა ბარამიძე:

- ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ "ახალ თაობასთან" საუბარში ვამბობდი, რომ ბიძინა
ივანიშვილის კვირიკაშვილის გაშვება გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ ამისთვის საბაბს
ეძებდა. დროთა განმავლობაში გამოჩნდა ეს საბაბი და კვირიკაშვილი აღარ არის მთავრობის
მეთაური. ივანიშვილი მას მიაყოლებს იმ მინისტრებსაც, რომელთა მოცილებაც სურდა.
მათ ადგილას იმ ხალხს დანიშნავს, რომლებზეც რეკომენდაციებს გიგა ბოკერია და
არასამთავრობო ორგანიზაციები მისცემენ.
პრემიერობის კანდიდატად დაასახელეს მამუკა ბახტაძე. მე ამას საერთოდ არანაირ
მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მართლა არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრემიერი. მთავარი
სისტემის შეცვლაა.
აქამდე ივანიშვილს ჰქონდა ბუფერული ზონები _ პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი.
ისე არასწორად წარიმართა "ქართული ოცნების" პოლიტიკა, რომ მის ლიდერს ბუფერული
ზონები აღარ რჩება.
როგორც უკვე გითხარით, დღეს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ იქნება
პრემიერი _ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავს ხარაკირის უკეთებს. რაც ყველაზე მთავარია,
მან საკუთარ თავზე პოლიტიკურად ნადირობის სეზონი გახსნილად გამოაცხადა.
- რატომ გგონიათ, რომ ის საკუთარ თავს ხარაკირის უკეთებს?
- იმ სიტუაციას, რაშიც ის დღეს არის, სხვა სახელს ვერ დავარქმევ. დაიმახსოვრეთ ჩემი
სიტყვები, დღეის ამას იქით საზოგადოება ყველაფერში მას მოსთხოვს პასუხს. ყველა მის
წასვლას მოითხოვს და ასეთი ლოზუნგები გაჩნდება" ბიძინა სანამ არ წავა, საქართველოს არ
ეშველება. ეს მესიჯები უკვე გამოჩნდა.
რამდენი წელია, მას ვეუბნებით, რომ ჯანსაღ ოპოზიციას მოუსმინე და შეცდომებს ნუ
უშვებ, თორემ ყველა დარტყმა წამოვა შენზე, რასაც არაფერი აღარ გააჩერებს. პროცესი უკვე
დაწყებულია. დაიმახსოვრეთ, აწი ყოველი სახალხო გამოსვლა მის წინააღმდეგ იქნება
მიმართული, თუ კარდინალური ცვლილებები არ ჩაატარა.
"ოცნებაში" კარდინალური ცვლილებები აუცილებელია. ამ ორგანიზაციის
ლიდერების განცხადებები უკვე სამარცხვინოა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
არჩილ თალაკვაძის განცხადებები საერთოდ კატასტროფა იყო. "ოცნების" დახურული
შეხვედრიდან გამოსული გვიმტკიცებდა, რომ შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებები არ
განხილულა და იუნისეფის კვლევაზე იმსჯელეს.
მაინცდამაინც ოკეანისგაღმიდან უნდა მიგითითონ, რომ საქართველოში უმძიმესი
სოციალური მდგომარეობაა და ხალხი შიმშილობს, რაც "ოცნების" 6-წლიანი მმართველობის
შედეგია. ეს კვლევა რომ არ გამოქვეყნებულიყო, ვერ უნდა დაენახათ, როგორ იქექებიან
ადამიანები ნაგვის ბუნკერებში? ნაგვის ბუნკერებში მოფუთფუთეთა რიცხვი სულ უფრო
იზრდება.
ფელამუშში ამოვლებული ჯოხივით რომ არის ეს არჩილ თალაკვაძე გაშტიკინებული,
არ რცხვენია მაინც, რა განცხადებებიც გააკეთა? დაუსრულებლად იმეორებდა, სამთავრობო
ცვლილებებზე არ გვიმსჯელიაო და ერთი დღის შემდეგ პრემიერმა თანამდებობა დატოვა.
ასეთი სარგადაყლაპულები რომ ჰყავს ივანიშვილს გარშემო, მაგიტომაც უკეთებს
საკუთარ თავს პოლიტიკურ ხარაკირის.
- ვერ ხვდება, რომ ხარაკირის იკეთებს?
- შეცდომას შეცდომაზე უშვებს და, იმასაც თუ ვერ ხვდება, რომ ხარაკირის იკეთებს,
მთლად წასულია მისი საქმე.
2012 წელს კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით, რომ 2018 წელს დროებით
საპარლამენტო კომისიას გიგა ბოკერია ჩაუდგებოდა სათავეში. ადამიანი, რომელიც 9
წლიანი სისხლიანი რეჟიმის იდეოლოგი იყო. ვინ მიიყვანა საქმე აქამდე? ისევ და ისევ
სახედაკარგულმა "ოცნებამ".
ძალიან გთხოვთ, ამიერიდან "ქართული ოცნება", როგორც "ოცნება", ისე
მოვიხსენიოთ. ქოცების ნაცვლად შეგვიძლია ბოცებიც ვუწოდოთ ხოლმე.
-"ოოცნებად" რატომ უნდა მოვიხსენიოთ?
- იმიტომ, რომ ბოკერიასთან დაიჭირეს საქმე და გამოდიან ბოცები, ანუ ბოკერიას
ბოცები.
"ოოცნება" სახედაკარგულიაო, გითხარით და ამის მაგალითად ისიც გამოდგება, თუ
ვინ ჰყავთ გამოყოფილი არასამთავრობო სექტორთან სამუშაოდ. ეს პიროვნება, არც მეტი, არ
ნაკლები, პალიკო კუბლაშვილია.
- ნაციონალ პალიკო კუბლაშვილზეა საუბარი? მიშას დროს მისი ძმა უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარე რომ იყო?

- მაგაზეა საუბარი, დღეს "ოოცნება" მის ჭკუაზე დადის და ჰგონიათ, რომ პალიკო
უგვარებს საქმეებს არასამთავრობოებთან.
ვერაფრით ასახელებენ პრეზიდენტობის კანდიდატურას, ელოდებიან, როდის
დანიშნავს აშშ საქართველოში ახალ ელჩს, რომ კანდიდატურა მასთან შეათანხმონ.
ვითარება კატასტროფულია, მაგრამ ჯერ კიდევ არის გამოსავალი. უკეთეს
შემთხვევაში, ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
- თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ, ივანიშვილი თავის თავს ხარაკირის უკეთებსო. ეს იმის
ბრალი ხომ არ არის, რომ მასთან არასწორი ინფორმაციები მიდის? რამდენიმე თვის წინ
ჩვენთან საუბარში თქვით, რომ ყოფილ პრემიერს არასწორ და შელამაზებულ ინფორმაციებს
აწვდის გარემოცვა.

- ამას ახლაც გიდასტურებთ, მას გარემოცვა მართლაც არასწორ ინფორმაციებს აწვდის
და ამის შედეგია, რომ ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს.
დავუბრუნდები "ოცნების" დახურულ შეხვედრას, სადაც, თალაკვაძის მტკიცებით,
იუნისეფის კვლევაზე იმსჯელეს. სამარცხვინო იყო ისიც, რაც ამ თავყრილობაზე მოხდა.
შეხვედრას დახურული ერქვა, თორემ იქ განვითარებულმა მოვლენებმა ყველაფერმა
გამოჟონა გარეთ. მე შენ გეტყვი, ენაზე კბილის დაჭერა შეუძლიათ.
სამარცხვინო იყო ის, რაც მაგ შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და თეა
წულუკიანმა იკადრეს. წულუკიანს ჩააბარეს ძალიან დიდი საქმე _ მართლმსაჯულების
სისტემის რეფორმირება. ამისთვის უზარმაზარი თანხები იყო გამოყოფილი. წულუკიანმა
მთელი სისტემა დააქცია.
ამდენი მარცხი ქართულ მართლმსაჯულებას საერთაშორისო ასპარეზზე არ უგემია.
ასეთი რამე ნაცების მმართველობის დროსაც კი არ მომხდარა. იმის მაგივრად, რომ თავი
ჰქონდეს ჩაღუნული, დახურულ შეხვედრაზე ერთი ამბავი ატეხა _ მე თუ მინისტრობიდან
გამიშვებთ, ყველას გადაგიყოლებთო. აი, რა დღეში არიან ეს გაჭირვებულები და რას მიედ
მოედონ, აღარ იციან. გადადგომაზე უარს ამბობდა კვირიკაშვილიც.
-  თუმცა ის მაინც გადადგა.
- მან მოვლენებს დაასწრო და წავიდა. კვირიკაშვილს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევდა.
- წულუკიანმა ვის უთხრა, გადაგიყოლებთო, "ოცნების" წევრებს თუ ივანიშვილსაც?
- ყველას დაემუქრა.
-  აქამდე ასეთ რამეებს ბიძინა ივანიშვილს მინისტრები ვერ უბედავდნენ.
- ახლა უბედავენ და შანტაჟის ენით ელაპარაკებიან. ივანიშვილი უდავოდ ნიჭიერი
კაცია, ამიტომაც მას უნდა ესმოდეს, რომ თავისი ტრიუკები ყოველთვის არ გაუვა. აქამდე
სიტუაცია რომ რთულდებოდა, ხან მინისტრებს ცვლიდა, ხანაც _ პრემიერს, მაგრამ ახლა ეს
აღარ გაჭრის.
მისმა პარტიამ ისეთი სისულელეები აკეთა, რაც 9 წლის განმავლობაში ნაციონალებსაც
კი არ უკეთებიათ. ან ვის მოუვიდა თავში ადამიანის დასჯა სახეზე შარდის წასმით?! გასული
არიან მომსახურების ზონიდან. აქედან გამომდინარე, ხალხისთვის საინტერესო აღარ არის,
რომელ მინისტრს შეცვლის ივანიშვილი. მან საკუთარი თავის წინააღმდეგ გახსნა
პოლიტიკური ნადირობის სეზონი და ყველა ისარი მისკენ არის წასული.
ეს მე არ მიხარია, მაგრამ ეს არის რეალობა. ეს ადამიანი შეცდომას შეცდომაზე უშვებს.
კაცი, რომელიც გადასულია თავისი ფინანსური რესურსების გადარჩენაზე,
სახელმწიფოებრივად ვერ იაზროვნებს.
-  ასე მძიმედ აქვს საქმე, რომ საკუთარი ფინანსების გადარჩენაზე ფიქრობს?
-  ყველაფერი აქეთკენ მიდის. სხვა რა მოლოდინი უნდა ჰქონოდა, როცა ბოკერიას
რჩევებს ითვალისწინებდა. საკადრო პოლიტიკაა თუ სხვა რამე სტრატეგიული საკითხია,
ყველგან წარმმართველია ბოკერია.
პარლამენტი არასამთავრობოების მატრონას, თამარ ჩუგოშვილს ჩააბარა. სახალხო
დამცველად მისი დაქალი ნინო ლომჯარია გაამწესეს. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა.
-  ბოკერია არის წარმმართველი სტრატეგიულ საკითხებში და მის ჭკუაზე დადის
ივანიშვილი?

-  სტრატეგიულ და საკადრო საკითხებში წარმმართველი არის გიგა ბოკერია.
სერიოზულად არის ჩართული ამაში ლევან რამიშვილიც.
- რომელ ლევან რამიშვილზეა საუბარი?
- გიგა ბოკერიას თანაგუნდელზე. მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებში მათ
გადამწყვეტი სიტყვა ეთქმით.
- რატომ? რა დამსახურებისთვის?
- ვერ გეტყვით. ამერიკასთან ესენი აგვარებენ რაღაც საკითხებს. ამათ ჭკუაზე რომ
დადის, მაგიტომაც გახდა ივანიშვილი ყველასთვის მთავარი სამიზნე.
ის, რაც სარალიძეების ოჯახის თავზე ხდება, მართლა დიდი უბედურებაა, მაგრამ
ხალხი ქუჩაში მხოლოდ ამ პრობლემის გამო არ გამოსულა. ხალხს უკვე დიდი ხანია უნდოდა
ქუჩაში გამოსვლა და ეს ტრაგედია საბაბად გამოიყენა.
ვინ და როგორ იდგა რუსთაველზე, ეს სხვა საქმეა. მთავარი ისაა, რომ "ოოცნების"
გაერთიანებამ ჩაილურის წყალი დალია. გახრწნილი პოლიტიკური სხეული მაინც სკამს
ებღაუჭება და სისულელეს სისულელეზე აკეთებს.
სახელმწიფოს, რომელსაც ტერიტორიების პრობლემა აქვს, სადაც დემოგრაფიული
საკითხი უმწვავესია, მისი შს მინისტრი ერთი თვის წინ ნარკოდილერების ნაწილს საჯაროდ
ბოდიშებს უხდიდა _ რაღაც ისე არ გითხარითო.
ბიძინა ივანიშვილს გარშემო შარახვეტიები ახვევია და მათ ეკითხება დღემდე რჩევას.
თუ აზრზე არ მოვიდა და ჭკვიან ხალხს არ ჰკითხა რჩევა, ისე მიდის მისი საქმე, აეროპორტის
ასაფრენ ბილიკამდეც ვერ მიაღწევს.
მას მხარდამჭერები არც ჯარში ჰყავს, არც პოლიციაში და არც სპეცსამსახურებში.
ივანიშვილმა უნდა შეიგნოს, რომ მისთვის თავს არავინ გადადებს.
-  საპარლამენტო უმრავლესობა?
- "ოცნების" გაერთიანება პირველი გაემიჯნება, რისი თავის გადამდებები ეგენი
არიან.
FaceBook Twitter Google