ნინო ბურჯანაძე - ეტყობა, ჩვენს მინისტრებს ჰგონიათ, რომ ივანიშვილის იურიდიქცია საიქიოშიც გრძელდება
რა გააკეთა შს სამინისტრომ გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდში ისეთი, რომ მთელ საზოგადოებას ზემოდან უყურებს და ასეთი აპლომბით ელაპარაკება ყველას?! - ასე ეხმაურება “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე “ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში გარდაცვლილი ადამიანების აღმოჩენას.
ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება სამარცხვინო ვითარებაში იმყოფება და მინისტრებს მოუწოდებს, შეცდომების დაშვებისას მაინც შეიკავონ თავი ხმამაღალი განცხადებებისგან.

“ეტყობა, ჩვენს მინისტრებს ჰგონიათ, რომ ივანიშვილის იურისდიქცია საიქიოშიც გრძელდება. შერიგების მინისტრი აცხადებს, რომ ამ ადამიანების გარდაცვალების შესახებ წვდომა და ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ თურმე მტკიცებულება არ ჰქონდათ. უკაცრავად, მაგრამ ციხელაშვილს მაინცდამაინც კუბოში გადაღებული სურათი სჭირდებოდა?! ძალიან არ მინდა ამ თემაზე ცინიკური ვიყო, მაგრამ ჩვენი მთავრობა ცინიკურ დამოკიდებულებას ნამდვილად იმსახურებს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი განსაკუთრებულად შს მინისტრს აკრიტიკებს და ამბობს, რომ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით შს მინისტრი ისეთი რიხით და ტონით საუბრობს, თითქოს მისმა სამინისტრომ კენედის მკვლელობა გამოიძია“.

“რა გააკეთა შს სამინისტრომ გახარიას მინისტრობის პერიოდში ისეთი, რომ ზემოდან უყურებს მთელ საზოგადოებას და ასეთი აპლომბით ელაპარაკება ყველას?! როდესაც ამბობს, რომ სია არის მოძრავი და ხან შევა ხალხი და ხან გამოვა, მაინტერესებს რას გულისხმობ, ბატონო გახარია, ხან ცოცხლები შევლენ ამ სიაში და ხან გარდაცვლილები?“ , - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google