ნინო ბურჯანაძე - არ მგონია, რომ მარგველაშვილი იყოს ის ფიგურა, რომელიც შეძლებს საზოგადოების კონსოლიდაციას, ჩვენ ვნახეთ, რამდენად უსუსური იყო ის, როგორც პრეზიდენტი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ახლა წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა პოლიტიკოსი იყოს ისეთი ადეკვატური, როგორც არასდროს. ქვეყანა იქცევა თუ არ იქცევა, ამაზე მე უკვე წლებია განცხადებას ვაკეთებ და უსუფაშვილს ახალი არაფერი უთქვამს. ვიდრე არ დამთავრდება ხელოვნური ნიშნით პოლიტიკოსების დაყოფა, ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არაფერი ეშველება,- ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დავით უსუფაშვილის ღია წერილს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, ნინო ბურჯანაძემ კრიტიკულად შეაფასა ყოფილი კოლეგის მიერ პოლიტიკოსების ასეთი დიფერენცირება და „მეტი ადეკვატურობისკენ“ მოუწოდა.

„მე ასე დავყოფდი: პოლიტიკური ძალები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი და პოლიტიკური ძალები, რომლებსაც დანაშაული არ აქვთ ჩადენილი. თურმე, რუსეთი გვანგრევს... რუსეთი კი არა ჩვენ ვანგრევთ ჩვენს ქვეყანას მუდმივი შეუთანხმბლობით, მუდმივად ერთმანეთის გაჯიბრებით, აჩემებით, აკვიატებით და თუ რუსეთი ან სხვა სახელმწიფო ამით ისარგებლებს, ამას სხვას კი ნუ დავაბრალებთ, ჩვენს თავს დავაბრალოთ,“ - აღნიშნავს ნინო ბურჯანაძე.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი მარგველაშვილზე საუბრობს და აცხადებს, რომ პრეზიდენტს შანსი აქვს თავისი ავტორიტეტი ცოტათი მაინც გაზარდოს, თუკი ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატს წარადგენს.

ბურჯანაძე ასევე ეხმაურება უსუფაშვილის მოწოდებას და საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ მარგველაშვილის ჩართვას.

„მე არ მგონია, რომ დღეს მარგველაშვილი იყოს ის ფიგურა, რომელიც შეძლებს საზოგადოების კონსოლიდაციას. ჩვენ უკვე ვნახეთ ის რამდენად უსუსური იყო, როგორც პრეზიდენტი. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ქვეყანა ინგრევა და საფრთხის წინაშე ვდგავართ, არ შეიძლება ქვეყნის მთავარსარდალი იყოს ადამიანი, რომელმაც ვერ შეძლო ვერც ერთ პრინციპულ საკითხში შეწინააღმდეგებოდა ერთ თავგასულ მილიარდელს, თუ რა თქმა უნდა, სასახლეში დანარჩენის საკითხს არ ჩავთვლით.
ქვეყანა ჯერ კიდევ მაშინ დაინგრა, როდესაც მისი სახით ივანიშვილმა მოსახლეობა დააშანტაჟა თუ 62% ხმას არ მისცემს გიორგი მარგველაშვილს, არ დაგეხმარებითო, სახელმწიფო მაშინ ჩამოიშალა, როდესაც საზოგადოებამაც და პოლიტიკოსებმაც დაუშვეს, რომ ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონი ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ბევრი მილიარდი აქვს. ჩვენი სახელმწიფო ჩამოიშალა მაშინ, როდესაც ყველა ძალაუფლების შტო ამ მილიარდელ კაცს ჩაუდეს ჯიბეში. როდესაც 21-ე საუკუნეში ჩვენ ვიმართებით ფეოდალიზმის ცუდი პრიციპებით, თავი ნუ მოგვაქვს, რომ ცივილიზაციის მწვერვალზე ვართ და სუპერ ევროპელები ვართ. რომელი ევროპული ერი აიტანდა, რომ ქვეყანა და ხალხი თავგასულ მილიარდელს ემართა, თავის ხასიათზე დაენიშნა და მოეხსნა პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტად დაესვა ადამიანი რომელსაც არავინ იცნობდა?! ძალიან დიდი ბოდიში, ევროპელები და მაგრები ვიქნებით, მაშინ როდესაც ამას არ შევეგუებით და სახელმწიფოს ავაშენებთ,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

FaceBook Twitter Google