ნინო ბურჯანაძე მინისტრთა კაბინეტზე - ბატონებო, ახალი სახეები კარგია ჟურნალის გარეკანზე და არა პოლიტიკაში
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ახალ მინისტრთა კაბინეტს კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ ძნელია ახალი მინისტრების გვარების დამახსოვრება, რადგან მათ შესახებ ბიძინა ივანიშვილის გარდა არავინ არაფერი იცის.
„როცა გვეუბნებიან, რომ ახალი სახეები კარგია და სიოს შემოიტანს ხელისუფლებაში, ვთვლი, რომ ამ განცხადებების ავტორებს პოლიტიკა და ქვეყნის მართვა ჟურნალის გარეკანის აწყობაში ერევათ. ბატონებო, ახალი სახეები კარგია ჟურნალის გარეკანზე და არა პოლიტიკაში. მთავრობა, რომელიც დღეს ბახტაძემ წარმოგვიდგინა, კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ ფაქტისა, თუ რამდენად დიდ პატივს სცემს ბიძინა ივანიშვილი ჩვენს მოსახლეობას.

ივანიშვილი იმდენად უპასუხისმგებლოა, რომ მისთვის სულერთია, როგორი გამოცდილებით, რა შინაარსის მოხსენებით თუ რა ხედვით წარდგება ესა თუ ის მინისტრი პარლამენტის წინაშე. მისთვის მთავარი, მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებაა“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ისაუბრა ფინანსთა და ეკონომიკის ახალ მინისტრებზე და აღნიშნა, რომ მათი პროფესიული გამოცდილება საერთოდ აცდენილია იმ საქმიანობასთან, რაც ახალ მთავრობაში უნდა განახორციელონ.

„ჩვენ გვითხრეს, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტი ძალიან გამოცდილი ადამიანებისგან შედგება. მართლა მინდა მათ ვკითხო, რა არის მათვის გამოცდილების კრიტერიუმი?! პოლიტიკოსების და მინისტრების გამოცდილება ნამდვილად განსხვავდება, რომელიმე კერძო კომპანიაში დაგროვილი გამოცდილებისაგან, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს ის. ან თუნდაც, როგორ შეიძლება კარდიოლოგი გვყავდეს ეკონომიკის მინისტრად იმ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა სულს ღაფავს და მოსახლეობა უმძიმეს ეკონომიკურ სიდუხჭირეშია ჩაფლული?! მე, რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუ ჩვენი მინისტრები წარმატებული იქნებიან, თუმცა ასეთი ოპტიმიზმის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ“.

ნინო ბურჯანაძემ პარალელი გაავლო ორ მინისტრს შორის - მთავრობაში თეა წულუკიანის დარჩენაზე და კახი კახიშვილის თანამდებობიდან მოხსნაზე. როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აღნიშნავს, ადვილი მისახვედრია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების მოტივაცია.

„კახი კახიშვილი, რომელიც ყველაზე კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას, მინისტრი რომლის მიმართ საზოგადოების განწყობა მეტ-ნაკლებად იყო პოზიტიური, ბიძინა ივანიშვილი ათავისუფლებს თანამდებობიდან და გადაჰყავს ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. ხოლო თეა წულუკიანი, რომლის მიმართ საზოგადოება იყო საკმაოდ კრიტიკულად განწყობილი და თანამდებობიდან მის გათავისუფლებას კატეგორიულად ითხოვდა, ივანიშვილი უნარჩუნებს იუსტიციის მინისტრის პოსტს. საინტერესოა, რით აშინებს თეა წულუკიანი ასე ძალიან ბიძინა ივანიშვილს? ალბათ იმით, რომ ძალიან ბევრი დავალებებია შესრულებული რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და არა ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30