ნინო ბურჯანაძე – ბატონო ბიძინა, არ გამოგივათ!
საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით სატელიტ ოპოზიციურ ძალასთან გარიგება და ამის გაფორმება როგორც დემოკრატიის გამარჯვება, არ გამოგივათ, ბატონო ბიძინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა, რითაც შეფასება გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაზე, რომ უმჯობესია პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს, იმ შემთხვევაში კი, „თუ ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი არ იქნება, ეს ინსტიტუტი ოპოზიციამ წაიღოს“.
„ნამდვილად არ გამოგივათ! ყოველ შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად არა, რადგან მე ცოტა უკეთესი წარმოდგენა მაქვს საქართველოს საზოგადოებაზე, ვიდრე თქვენ და მგონია, რომ მთლად ასე განადგურებული, მიწასთან გასწორებული და თავმოყვარეობადაკარგული არ არის საქართველოს საზოგადოება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადებები იყო იმის მაჩვენებელი, რომ „ქვეყანა ქვეყანა აღარ არის და ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოდ საქართველოს არ თვლის“.

„ის მას უყურებს, როგორც კერძო კომპანიას და საუბრობდა როგორც ბიზნესმენი. ამას იყიდის, იმას გაყიდის, ამის ფულს გადაიხდის, ამას დათმობს, ვიღაცას რაღაცას დაუთმობს, ეს პოლიტიკური კრიტერიუმებით საუბარი არ არის და როდესაც ქვეყნის მმართველი გუნდის პარტიის თავმჯდომარე და მმართველი ამ კრიტერიუმებით ლაპარაკობს, ეს უბრალოდ სამწუხარო და ძალიან სამარცხვინოა ქვეყნისთვის. ამავდროულად, ჩვენ ახალი რეალობა მოვისმინეთ, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან განხორციელებული კონტროლი და მმართველობა, ეს არაფორმალური მმართველობა კი არ ყოფილა, ეს ყოფილა საზოგადოებრივი კონტროლი. ჩვენ არ გვცოდნია აქამდე, რომ საზოგადოებასა და ბიძინა ივანიშვილს შორის ტოლობის ნიშანია და ქართული საზოგადოება უდრის ბიძინა ივანიშვილს. ყოჩაღ, ქართულო საზოგადოებავ!. აფერუმ, საქართველოს და მის საზოგადოებას, რომ ბიძინა ივანიშვილის კონტროლი და ბიძინა ივანიშვილი ყოფილა თურმე საქართველოს საზოგადოება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საუბრისას „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში 2030 წლამდე დარჩენის სურვილზეც ისაუბრა. მისი თქმით, ივანიშვილმა ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიხსნა და რაც არსებობს ქვეყანაში, საკუთარი თავის გარდა, ყველას ბრალეულობა დაანახა.

„თურმე ქვეყანაში ეკონომიკა გაზრდილა. ამავდროულად, ლამის ბიძინა ივანიშვილი ცუდად გამხდარა, რადგან მოსახლეობის სიღარიბე გაზრდილა. ეკონომიკა თუ იზრდება, სიღარიბე რატომ იზრდება, ეს აუხსნელია. დავუშვათ, ეკონომიკა გაიზარდა, აღმოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ამაში არავითარი წვლილი არ აქვს, აბსურდია. მთელი ინტერვიუ იყო აბსურდი. არაფერი თქმულა აფხაზებზე, სამაჩაბლოზე, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაწყვეტაზე“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google