ნინო ბურჯანაძე: „ივანიშვილის ამოცანაა, რომ ნახევარი საქართველო „დაბოლილი“ და გაბრუებული ამყოფოს.“
„მე მაინტერესებს, ასეთი რა დასავლური, ევროპული და ამერიკული ქვეყანა გავხდით, რომ მათ გავასწარით დემოკრატიაში. აშშ თავისი კანონმდებლობით პირდაპირ მიუთითებს, რომ კანადის იმ მოქალქაეებს, რომლებიც ჩართულნი არიან მარიხუანას ბიზნესში ან დებენ ინვესტიციებს, სამუდამოდ ეკრძალებად აშშ-ში შესვლა. მე მესმის, რომ ივანიშვილს ეს არ აწუხებს, რადგან თვითონ საქართველოდან ვერსად ვერ გავა, მაგრამ ყველაფერში ვბაძავთ ამერიკას და ამაში რატომ არ ვბაძავთ?!“ - ასე აფასებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მარიხუანის კულტივიზაცის და ექსპორტის საკითხს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ამ ინიციატივის უკან დგას ორი რამ: უპირველესად, ბიძინა ივანიშვილის და ამ ხელისუფლების სურვილი, სამუდამოდ გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა, ვინაიდან ესმით, რომ ამ ვითარებაში ეს შეუძლებელია და დღეს თუ არა ხვალ მოქალაქეების პროტესტი ხმამაღალი გახდება. ივანიშვილის ამოცანაა, რომ ნახევარი საქართველო „დაბოლილი“ და გაბრუებული ამყოფოს. მეორე, ეს არის ფინანსური ინტერესი. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ნებისმიერი ნარკოტიკის, მათ შორის კანაფის, მარიხუანის უკან დგას დიდი ფული. ეს არის მცდელობა საქართველო გადააქციონ ავღანეთის და კოლუმბიის პრობლემების მატარებელ ქვეყანად.
აქამდე თავი იმით მოგვქონდა, რომ ღვინის ქვეყანა ვართ, ახლა კი შეგვიძლია თავი მოვიწონოთ, რომ მარიხუანის და კანაფის ქვეყანა ვართ“. - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ბრიფინგზე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი პატრიარქის ქადაგების იმ ნაწილს შეეხო, სადაც უწმინდესმა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
„ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ უნდა ვთქვა - გაოგნებული ვარ მისი უწმინდესობის კომენტარით. თქვენო უწმინდესობავ, მე მესმის თქვენი შემწყნარებლობის, გეთანხმებით მათ უყვართ თავიანთი შვილები, მაგრამ არ მჯერა, რომ მათ ასევე უყვართ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მოღალატეობრივ კანონპროექტის მიღებაზე არც ისაუბრებდნენ. ასევე არ მჯერა, რომ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარს იტყვის. ახლა „ქართული ოცნება“ მოსახლეობის მოტყუებას და დროის გაყვანას ცდილობს.
ფინანსთა მინისტრი გვეუბნება, რომ თურმე ბიუჯეტს გაზრდის. ბატონო ფინანსთა მინისტრო, არ გვჭირდება ბიუჯეტი, რომელიც გაზრდილი იქნება, ახალგაზრდების გაბრუების, ნარკოტიკების, კანაფის მოყვანის ხარჯზე. ააშენეთ ქარხნები, ააშენეთ ფაბრიკები, შექმენით საინვესტიციო გარემო, დააფინანსეთ სოფლის მეურნეობა, ოღონდ არა კანაფით.
ნინო ბურჯანაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მეტი პრინციპულობით და სიმკაცრით აღუდგნენ ხელისუფლების მოღალატეობრივ ინიციატივას.
მოვუწოდებ მოსახლეობას, დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს, როდესაც ჩვენს შვილებს და მომავალ თაობას ეხება საქმე, ყოველგვარი პოლიტიკური კუთვნილების გარეშე, მოგიწოდებთ ამოიღეთ ხმა ქვეყნის დაქცევის წინააღმდეგ, აღიმაღლეთ ხმა ამ უმსგავსო, თავხედი, უპასუხისმგებლო, მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ. ივანიშვილისთვის და მისი ხელისუფლებისთვის ამის პატიება არ შეიძლება“. - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google