ნინო ბურჯანაძე - სწორედ ტელევიზიებზე შეტევით იწყება ის, რაც ცოცხებით მთავრდება

მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო პირველ რიგში ტელეკომპანია „იბერიას“ და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს, რადგან სწორედ ტელევიზიებზე შეტევით იწყება ის, რაც ცოცხებით მთავრდება. ამ ხელისუფლებამ ეს ყველაფერი პარალელურად წარმატებულ რეჟიმში განახორციელა, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს.


„მაინტერესებს, რას ზეიმობდა „ქართული ოცნება“, როდესაც 6 წლისთავზე ასეთი ლაფში ამოსვრილი აღმოჩნდა. არაერთხელ მითქვამს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დიდი ნაბიჯებით ემსგავსებოდა წინა ხელისუფლებას ყველაფერ ცუდში. დღეს, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ოცნებამ“ ყველა წინა ხელისუფლების უსინდისობას და სითავხედეს გაუსწრო. ამაზრზენი საყურებელი იყო „ქართული ოცნების“ ე.წ. ლიდერების კომენტარები, რომლებიც ვითომ თავისუფალი და ირონიული ღიმილით ცდილობდნენ რეალური შეშფოთების დამალვას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მან თავისი განცხადების ორი ადრესატი გამოყო. ნინო ბურჯანაძემ, ერთი მხრივ, საქართველოში მყოფ ბიზნესმენებს და მეორე მხრივ, პროკურორებს მიმართა.

„მინდა, მოვუწოდო ყველა ბიზნესმენს, გვერდში დაუდგნენ ზაზა ოქუაშვილს და მიბაძონ მას. ამოიღეთ ხმა და ნუ იქნებით შეშინებულები. ზაზა ოქუაშვილის გამბედაობა ძალიან დასაფასებელია და იმსახურებს პატივისცემას. ბიზნესმენებო, ნუ გაიმეორებთ იმას, რასაც წინა ხელისუფლების დროს აკეთებდით, ნუ იქნებით ჩუმად, თუ არ გინდათ, რომ ხელისუფლებიდან მუდმივად გატერორებდნენ. სწორედ, თქვენი სიჩუმის გამო ბედავს ყველა ხელისუფლება ბიზნესზე გადავლას.

აქვე, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ პროკურატურას, არ მაქვს იმედი, რომ ამ საქმეს გამოიძიებთ, მაგრამ მჯერა, რომ პროკურატურაში ბევრი ღირსეული და პატიოსანი ადამიანია. ბატონო პროკურორებო, თქვენი პროფესიული ღირსების საკითხია იმ დოკუმენტებზე პასუხის გაცემა, რომელიც წარმოადგინმა ზაზა ოქუაშვილმა. ერთხელ მაინც გაბედეთ და დაუპირისპირდით ხელისუფლებას, რომელიც უკანონობას თესავს,“ – აღნიშნა ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „პოლიტიკური დეგრადაცია საბოლოოდ გააფორმა“ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია.

„ხელისუფლების ნგრევა დაწყებულია და ეს პროცესი ბოლომდე უნდა მივიდეს, დიახ, ეს ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსებს ართმევს პარტიას და ამის ნათელი მაგალითი ვართ, ბიძინა ივანიშვილი სწორედ ასეთი მოქმედებებით ართმევს ტელევიზიის მფლობელებს ტელევიზიას, ადამიანებს ღირსებას. მე მოგიწოდებთ, რომ ყველამ ხმა ავიმაღლოთ იმ უკანონობის და უმსგავსობის მიმართ, რასაც დღეს „ქართული ოცნების“ მმართველობა ჰქვია“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

 

FaceBook Twitter Google