ნინო ბურჯანაძე - ირაკლი კობახიძე ადრე არასამთავრობო სექტორში მუშაობდა და არ მახსოვს, მისი ხმა ფაშიზმის, ძალადობის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოხატული
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ასეთი გამწარებული სახით გამოსვლა არ მახსოვს, ის ადრე არასამთავრობო სექტორში მუშაობდა, მისი მამა 26 მაისის აქციებში მონაწილეობდა და რაღაც არ მახსოვს მისი ხმა ფაშიზმის, ძალადობის, დარბევის წინააღმდეგ გამოხატული, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომელიც კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მისამართით გააკეთა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, იგი გაოცებული უყურებს იმ გამალებულ კამპანიას, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება" დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად.

„ეს ძალიან სასაცილოა! ან დამოუკიდებელ კანდიდატს ნუ ეძახით სალომე ზურაბიშვილს და აღიარეთ, რომ თქვენი კანდიდატია, ან დალაგებული და დამშვიდებული სახეებით გააგრძელეთ კამპანია და წინასწარ შედეგების დაწერას თავი დაანებეთ", - მიმართა ბურჯანაძემ "ქართულ ოცნებას".

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებზე გალაშქრება უცხო არ არის, რადგან როგორც წესი, "წელის მომაგრების შემდეგ“, ხელისუფლებები არასამთავრობო ორგანიზაციებზე ილაშქრებდნენ".

„არასამთავრობოები ანგელოზები არ არიან, მათაც აქვთ პლუსები და მინუსები, როგორც ნებისმიერ სტრუქტურასა და რგოლს. პარლამენტის თავმჯდომარის ასეთი გამწარებული სახით გამოსვლა არ მახსოვს, თუმცა ის ადრე არასამთავრობო სექტორში მუშაობდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მამა მონაწილეობდა 26 მაისის აქციებში. რაღაც არ მახსოვს მისი ხმა ფაშიზმის, ძალადობის, დარბევის წინააღმდეგ გამოხატული. გაჩუმებაც ხელის დაფარება ხომ არ არის, ბატონო ირაკლი?!" - მიმართა ბურჯანაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.
FaceBook Twitter Google