ნინო ბურჯანაძე - არ დაგაცინინებთ თავს, ბატონო ბიძინა და დანარჩენებო, რომლებიც მის გვერდით ხართ
არავითარი შანსი არ აქვს თქვენს კანდიდატს, მინიმალური სტანდარტების პირობებში არჩევნებში გაიმარჯვოს, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი და მმართველობის არაფორმალური ფორმა, ისეთი, როგორიც 90-იანი წლების რუსეთში იყო. ბურჯანაძის განცხადებით, ყველა ის მეთოდი, რომელიც იმ პერიოდში რუსეთში იყო, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისთვის კარგადაა ცნობილი, კერძოდ, სახელისუფლებო ტერორი სხვადასხვა მიმართულებით და მხოლოდ საკუთარი პირადი ინტერესებისთვის ბრძოლა, რაც ერთმნიშვნელოვნად არის საქართველოში გადმოტანილი.

ნინო ბურჯანაძემ ბადრი პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერებზეც გაამახვილა ყურადღება.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებისთვის ერთადერთი მთავარი არის მისი პოლიტიკური ინტერესი. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ თურმე, 2015 წელს აღმოჩენილი მასალები პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობასთან თუ მკვლელობასთან დაკავშირებით მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის. სად იყავით, ბატონებო, ამდენი ხნის განმავლობაში?! როდემდე უნდა დასცინოთ საზოგადოებას, როდესაც ყველა არჩევნების წინ გაგახსენდებათ ჟვანიას მკვლელობა, 26 მაისი, ტრაგიკულად დაღუპული ადამიანები. ოღონდ არჩევნების შემდეგ ყველაფერი გავიწყდებათ! როდემდე უნდა უნდა ატყუოთ საზოგადოება და გგონიათ, რომ საზოგადოება მოტყუვდება?!" - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, თუკი არსებობდა პატარკაციშვილთან დაკავშირებით ჩანაწერები, ნათელია, რომ ის ინახებოდა იმ დროისთვის, როცა ხელისუფლებას გაუჭირდებოდა, ისევე როგორც თვეების განმავლობაში ინახებოდა "ცოცხების კადრები" და საარჩევნოდ მოხდა მისი ჩვენება.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ქართული ოცნებაც" იმ გზით მიდის, რითაც "ნაციონალური მოძრაობა" დადიოდა - ბიზნესის დატერორება და ადამიანის ბედის უგულებელყოფა, მასხრად აგდება.

„არ დაგაცინინებთ თავს, ბატონო ბიძინა და დანარჩენებო, რომლებიც მის გვერდით ხართ! არავითარი შანსი არ აქვს თქვენს კანდიდატს, მინიმალური სტანდარტების პირობებში არჩევნებში გაიმარჯვოს! ხალხის დაშინება იმით, რომ თუ ჩვენს კანდიდატს ხმას არ მისცემთ, მიშა მოვაო, ესეც უნდა დამთავრდეს, რადგან ვერ მოვა ხელისუფლებაში სააკაშვილი! არიან ადამიანები, რომლებიც თქვენსავით კი არ შეეკვრებიან, "ქართულ ოცნებას" და კი არ გადაარჩენენ, ყველას თავის ადგილს მიუჩენენ", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა, რომელიც სრულიად შეცვლის მთავრობაში და პარლამენტში არსებულ კომპოზიციას.
FaceBook Twitter Google