გიგლა ბარამიძე - ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ ქვეყანაში კორუფციაა, ვერ ხვდება, რატომ არის ფარცხალაძე დამნაშავე
ეს იყო კოშმარი - ვიცოდი, რომ სახე და ნამუსდაკარგული „ქართული ოცნება“ უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მაგრამ მათი ქურუმთ-ქურუმი, ბატონთ-ბატონი თუ ასეთი შეუიარაღებელი იქნებოდა, ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, ივანიშვილმა ჯერ კიდევ მაშინ წააგო, როდესაც გაბუნიამ და გრიგოლიამ უარი შეუთვალეს, გადაცემა გვაქვს და არ გვცალიაო.

ბარამიძის აზრით, ეს უკვე დამარცხება იყო.

„ივანიშვილმა, პრაქტიკულად ვერც ერთ შეკითხვაზე ვერ უპასუხა. ის ვერ ხვდება, რომ ქვეყანაში კორუფციაა, ვერ ხვდება, თუ რატომ არის ფარცხალაძე დამნაშავე. ბოდავდა, რომ თურმე კარგი „პრარაბია“ და იაფადაც შეიძლება სასახლეების აშენება. აუზში წყალი არ არისო - ეს საერთოდ კულმინაცია იყო. შემეცოდა, თავისი ჭკუით მოემზადა ჟურნალისტებთან საომრად, ამ დროს მსგავსი არაადეკვატური ივანიშვილი არ მახსენდება. სისულეების სჯერა, რასაც მისი გუნდი უყვება, კარგად იყენებენ. დიდი ყარამან ყანთელი ბიძინა ივანიშვილი არასდროს ყოფილა, მაგრამ გუშინ ჩვენ ვიხილეთ გაბრაზებული, დაპატარავებული და არაადეკვატური მმართველი, ოღონდ პრობლემა მისი სიპატარავე კი არა, ისაა, რომ ჩვენ სახელმწიფო დავკარგეთ“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
FaceBook Twitter Google