ნინო ბურჯანაძე: „ამ არჩევნებში მოსახლეობა წამზომს ჩაურთავს ხელისუფლებას“
„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი ინტერვიუ კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ის არ ფლობს სიტუაციას, არ იცის რა ვითარებაა ქვეყანაში, არ იცის როგორ უჭირს დღეს მოსახლეობას, არ იცის რამდენ ადამიანს შია და სწყურია, არ იცის რამდენი პენსიონერი ვერ ყიდულობს წამალს საკუთარი პენსიით. ბიძინა ივანიშვილმა, საერთოდ არაფერი იცის არსებულ ვითარებაზე. მას ახასიათებს, ის რაც სჩვევიათ ხელისუფალთ და ამ ტიპის ადამიანებს, არ უნდათ მწარე სიმართლის მოსმენა“. - ასე აფასებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ინტერვიუს.
ბურჯანაძე თვლის, რომ სააკაშვილიც უსმენდა მხოლოდ იმათ, ვინც კარგ ამბავს უყვებოდა. „იგივე მდგომარეობაშია დღეს ბიძინა ივანიშვილიც. მის ირგვლივ არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც იმ სიმართლეს ეუბნებიან რა სიმართლეც მას სურს მოისმინოს. ეს სიმართლე კი აბსოლუტურად და რადიკალურად განსხვავდება იმ რეალობისგან რაც ქვეყანაში გვაქვს. თუ ვინმე სხვანაირად ეტყვის, თურმე კაბინეტიდან აგდებს, არ უსმენს. ეს თავად დაადსტურა დღეს ბიძინა ივანიშვილმა, თქვა, რომ არ მოუსმინა გია ხუხაშვილს, როდესაც უთხრა ბურჯანაძე მეორე ტურს იგებსო, გააგდო კაბინეტიდან. სხვათაშორის, ხუხაშვილს ეს ხმამაღლა აქამდე არასოდეს უთქვამს, არცერთ ინტერვიუში. მაგრამ ბიძინამ თქვა დღეს“.
ნინო ბურჯანაძე დღვანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ფარსს უწოდებს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ამ ფარსის მთავარ მოქედ პირებს.
„საპრეზიდენტო არჩევნები ეს არის აბსოლუტური ფარსი, სრულიად სამარცხვინო ფარსი, რომელშიც უპირველესყოვლისა ჩართულია სალომე ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება“, ეს არის ფარსი, რომელიც დასრულდება არჩევნების შედეგების სერიოზული გაყალბებით, მაგრამ ამის უფლება მოსახლეობამ არ უნდა მისცეს. არჩევნებში ჩვენმა თანამოქალაქეებმა საკუთარი პროტესტი უნდა გამოხატონ, საფრთხე შეუქმნან ივანიშვილის რეჟიმის შენარჩუნებას. ამ არჩევნებში მოსახლეობა წამზომს ჩაურთავს ხელისუფლებას.
მე მოვუწოდებ, ჩვენს თანამოქალაქეებს, მიდით არჩევნებში, მაგრამ გადახაზეთ ყველა კანდიდატი, რათა ეს არჩევნები არ მივიდეს არალოგიკურ დასასრულამდე. დაანახეთ ოლიგარქს, რომ თქვენ შეგიძლიათ მისი ხელისუფლების შეცვლა, ამ არჩევნებმა უნდა გამოხატოს თქვენი საპროტესტო განწყობა, რომ აღარ გინდათ ტყუილში და გაჭირვებაში ცხოვრება. მხოლოდ თქვენი გამბედაობა, თქვენი ძალა და თავმოყვარეობა მიგვიყვანს ვადამდელ ერთობლივ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ეს იქნება ერთადერთი შანსი, ქვეყანა უკეთი მომავლისაკენ დაიძრას“. - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google