ნინო ბურჯანაძე - ბიძინა ივანიშვილმა დამსახურებულად მიიღო ის შედეგი, რაც საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა
ბიძინა ივანიშვილმა დამსახურებულად მიიღო ის შედეგი, რაც საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, - ასე ეხმაურება “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. ბურჯანაძის შეფასებით, გუშინ ქართულ პოლიტიკაში უზარმაზარი გარდატეხა მოხდა.

“2013 წლიდან მოყოლებული ბიძინა ივანიშვილს ვაფრთხილებდი, მაგრამ მან ეს არ შეისმინა. მაინტერესებს, დღეს მაინც თუ ხვდება რა გაუკეთა ქვეყანას და თუნდაც საკუთარ თავს. კოჰაბიტაციამ, ე.წ. შუას გაკრეფვამ, 2013 წელს ჩემთვის არჩევნების გაყალბებამ, უსამართლობამ და ხელისუფლების მიერ გატარებულმა არასწორმა პოლიტიკამ, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში ჩააგდო და ამ ყველაფრის საფასური ივანიშვილმა თავისი დამარცხებით დღეს გადაიხადა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე არ საუბრობს, თუ ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.

“რეალურად, გუშინ უზარმაზარი გარდატეხა მოხდა ქართულ პოლიტიკაში. როგორ ვიმოქმედებთ, რა სტრატეგია ექნება ჩემს პარტიას, ამაზე მოგვიანებით გავაკეთებ განცხადებას. ბუნებრივია, ჩვენ გუნდის შიგნით ამ საკითხზე ვმსჯელობთ, დისკუსია ხვალ და ზეგ ისევ გაგრძელდება. თუმცა ამ ეტაპზე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული და არა რომელიმე ერთი ძალის სასარგებლოდ“, - განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.
FaceBook Twitter Google