გიგლა ბარამიძის ინტერვიუ გაზეთ „ალიში“
„სალომე ზურაბიშვილი და კახი კალაძე გაერთიანდებიან და ივანიშვილის ოპოზიციაში გადავლენ“

„ნაციონალების“ სამი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იყრიდა კენჭს, ორ მათგანს შორის მეორე ტურია და ეს ბიძინამ გათვალა ძალიან ეშმაკურად, სხვათა შორის
კომპრომატების ომში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხდა და წელში გადაამტვრია იმ ჩანაწერებმა, რამაც აშკარა გახადა სისტემური მარცხი და ელიტური კორუფცია, ივანიშვილის ინტერვიუმ კი გარდაუვალი გახადა ის შედეგი, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე დადგა და ცხადია, ეს შედეგი ძირეულად განსაზღვრა მისმა ფავორიტმა, ნიჩურტებით, ვითომ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თავიდანვე განწირული იყო დამარცხებისთვის, რასაც ''ალია'' მუდმივად წერდა. რატომ დადო გილიოტინაზე თავი ქვეყნის მთავარმა მოქალაქემ და რა იქნება მეორე ტურში, ამის თქმა ნაადრევია, თუმცა ერთი რამ ფაქტია, ''ნაციონალური მოძრაობა'', ბოლო წლების მანძილზე ასე ახლოს არასდროს ყოფილა ხელისუფლებასთან, როგორც ახლა და შესაძლოა, ჩვენ დიდი სიურპრიზების მომსწრენიც გავხდეთ. ''ალიას'' ''დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს'' ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

- გასული კვირის ქრონიკა ბევრი რამით იყო საინტერესო, მაგრამ ივანიშვილის ორეტაპიანმა ინტერვიუმ რეკორდი მოხსნა. მაშ ასე, რა გავიგეთ ბიძინა ივანიშვილის პასუხებიდან; ბრალდებები, რომელიც მისი ხელისუფლების მისამართით ისმოდა, ამ ადამიანმა დაადასტურა თუ არა? რამდენად აცნობიერებს, რომ მისი ხელისუფლება ელიტურ კორუფციაშია ჩაფლული და მმართველ გუნდს სერიოზული კრიზისი აქვს?

- ბიძინა ივანიშვილის პირველმა და მეორე ინტერვიუმ უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა. ეს ადამიანი არ იცვლება და რეალობას არის აცდენილი. ის ირეალურ სამყაროში ცხოვრობს, თავისი რაღაც შემოფარგლული წრე ჰყავს და მათგან მიწოდებული ინფორმაციით აკეთებს დასკვნებს. მისი ანალიზი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. ვერცერთ რთულ კითხვაზე ვერ მოვისმინეთ პასუხი. პირველი მარცხი იყო ის, რომ სამი წამყვანი ტელევიზიიდან მოითხოვა სახელობით სამი ჟურნალისტი და ამ სამიდან არცერთი ჟურნალისტი არ მივიდა. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ აღარ უჯერებენ და აღარ აინტერესებთ მისი შეკვეთილი ინტერვიუები. მასთან ინტერვიუზე მივიდნენ ისინი, ვინც ტელევიზიის ხელმძღვანელობამ გაგზავნა. ეს იყო პირველი რაუნდის პირველი მარცხი და მეორე ის, რომ აღარ ჰყავს ბუფერები, ასე ვთქვათ, პარტიის ან მინისტრების სახით. გამოჩნდა, რომ ყველაფერზე ის არის პასუხისმგებელი და ეს პასუხისმგებლობა მან თვითლუსტრაციით დაადასტურა; მესამე და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ადამიანი ისევ ცდილობს, იყოს იმ 2012 წლის პერიოდში, რომლითაც მან მოღვაწეობა დაიწყო. მას ჰგონია, რომ ყველაფერი არის კარგად და ყველაფერი არის მშვენივრად, არადა, საქმე ასე არ არის. აი, ეს სამი ძირითადი საკითხი გამოიკვეთა და მე ასე ვიტყოდი პოლიტიკურად, რომ მეფე შიშველია! და მან ეს დაადასტურა. ყველაფერი, რაც კი დაემართა ''ქართულ ოცნებას'' - კორუფცია, სარდაფებში ჩაყვანა, გაყიდულ-გამოყიდული თანამდებობის პირები, სასახლეები, ბიზნესზე ზეწოლა, მედიაზე ზეწოლა, ამ ყველაფერში, ეს ადამიანი არის პირდაპირ თუ ირიბად ჩართული და რაც მთავარია, არ უარყოფს ამას. აქედან გამომდინარე, სიტყვა ''თვითლუსტრაცია'' ტყუილად არ ვიხმარე, მას უნდოდა თუ არ უნდოდა, ასე გამოვიდა. ამიტომ ახლა, როდესაც ვინმე იტყვის, რომ ის არის არაფორმალური მმართველი, ეს ასე არ არის, ამ ყველაფრის მმართველი და წარმმართველი ის არის! ახია ჩვენზე, ქართველები მეტიჩრები ვართ და მლიქვნელობა შემოგვეპარა. რომ გავიძახით ევროპა ვართო, ევროპა კი არა, პრაქტიკულად, ჩვენ ვგუობთ იმას, რომ ერთი ადამიანის დღის წესრიგით ვცხოვრობთ. ეს ეხება ყველას, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე საზოგადოებას, ბიზნესინტელიგენციას, წითელ ინტელიგენციას, რომლებიც მზად არიან, ყოველთვის ვიღაცას უმღერონ...

- თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილი რატომ იცავს გამალებით დანაშაულებში ეჭვმიტანილ ყოფილ პროკურორს _ ფარცხალაძეს, რომელსაც ამბრაზურასავით გადაეფარა, მეორე მხრივ ვხედავთ, რომ ის გაბრაზებულია ყოფილ მინისტრზე ლევან ყიფიანზე. რატომ და რის ფასად მფარველობს კრიმინალს და რატომ მიდის ის დინების წინააღმდეგ?

- იმიტომ, რომ ეს არის მისი სამყარო, ამის იქით ის არ იხედება, შეიძლება თავის დროზე რუსეთში კარგი ბიზნესმენი იყო, მაგრამ სახელმწიფოს მშენებლობა არ შეუძლია. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო და ლამის პოლიტიკურ საფლავში ჩაჰყვა ამ პარტიულ აქტივისტს, სალომე ზურაბიშვილს და თავის ''ოცნებას'' და მეორე ინტერვიუში მან თქვა, რომ ''ოცნება'' არის უმოქმედო და სუსტიო. თუ უმოქმედო, სუსტი და არაფრისმაქნისია, რატომ ახვევს თავს ამ ორგანიზაციას, ამ ჩარჩების, ვაჭრებისა და უკვე ''პრარაბების'' სექტად წოდებულ ''ოცნებას'' საზოგადოებას?! მას რომ ჭკვიანი მრჩეველი ჰყოლოდა, ის ეტყოდა, რომ ეს ორრაუნდიანი თვითლუსტრაცია არ გაეკეთებინა. გაგიგიათ? ცხვირწინ აფარებენ სასახლეებს, მე კიდევ ვიტყვი, რომ ეს სასახლეები მხოლოდ აისბერგის წვერია, მათ პენტჰაუზებიც აქვთ, საბანკო ანგარიშები, მიწები, წილებიც აქვთ ''ქართული ოცნების'' ამ მდაბიორებს, დახეული ცალ-ცალი კეტებით რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ივანიშვილი ამის საწინააღმდეგო არგუმენტად ამბობს, რომ თურმე სესიაშვილის სახლის აუზში წყალი არ ყოფილა და კიდევ მეორე ზღაპარი. თუ ''კანიოკია'' მისი მენეჯმენტი, რომელ მენეჯმენტზეა საუბარი მითხარით ერთი, ხუთსართულიან სახლს 31 ათას დოლარად ვინ ააშენებს საქართველოში, ან რატომ უნდა გადაჰყვე ვინმე ფარცხალაძეს?! ან რატომ უნდა გადაჰყვე მირზა სუბელიანს, რომელსაც თავის დროზე ''ქართული ოცნება'' და ივანიშვილი კარგად იცავდნენ. ეს არაადეკვატურობის მანიშნებელია, მეტი კი არაფერი. ოქუაშვილის კადრებით დაიწყო ივანიშვილის და მისი გარემოცვის გაქცევისა და პოლიტიკურ მოუსავლეთში წასვლის პირველი ეტაპი. სხვათა შორის, ესეც საინტერესოა, სალომე ზურაბიშვილმა, ამ არა დამოუკიდებელმა, არამედ პარტიულმა აქტივისტმა, ძალიან ეშმაკურად დაინახა სისუსტეები ბიძინას ფსიქოტიპის და ძალიან კარგად გამოიყენა ის, რომ ბიძინა ჩაითრია თავის საარჩევნო კამპანიაში ისე, რომ ეს კაცი ვეღარასოდეს ვერ ამოვა, ვერ ამოვა იმიტომ, რომ იმდენი რამე ათქმევინა, იძულებული გახადა, რომ ამ პროცესს და სალომე ზურაბიშვილს გადაფარებოდა და მომავალში რაც არ უნდა გაანაწყენოს იგი, დაიმახსოვრეთ, რომ ივანიშვილის პირველი მტერი გახდება სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი გახდა თანამონაწილე და პასუხისმგებელი ''ქართული ოცნების'' ყველა ქმედების, ფარცხალაძის ოფისში რომ იჯდა, ის მილიონები, რომელიც შეწირეს მას იძულებით, იმ ექიმის რა ვთქვი, გაჭირვებულს ფულს რომ არ მისცემს, არა მაქვსო და შემდეგ უცბად გაახსენდება და სალომე ზურაბიშვილს გადაურიცხავს. ყველაზე დიდი და უმძიმესი ფაქტი ზნეობრივი, ადამიანური, სახელმწიფოებრიობიდან და მოქალაქეობრივი პოზიციიდან გამომდინარე ამ არჩევნებში იყო ის, რომ მეან-გინეკოლოგები გახადეს სალომე ზურაბიშვილის ბეგარის გადამხდელები. აი, ამაზე დიდი ცინიზმი ქართულ პოლიტიკაში კარგა ხანია არ ყოფილა და ეს ყველაფერი ბიძინას და ამ ძალიან მდაბიორებისთვის დამახასიათებელი ენერგიამოჭარბებული სალომე ზურაბიშვილის სინდისზე იქნება, მაგას ვერ ჩამოირეცხავენ ვერანაირად. კიდევ ერთი, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, თუ ამ ქალს პრეზიდენტად მაინც გაიყვანენ, პირველი დაპირისპირება მოხდება სალომესა და ''ოცნებას'' შორის, როდესაც ''ოცნების'' დეპუტატების არცერთ თხოვნას არ გაითვალისწინებს სალომე, მოითხოვს და ექნება პრეზიდენტის ფონდი, აქეთ-იქით დაუკრეფავში რომ მოისურვებს გაფრენებს ხან პარიზში, ხან მოსკოვში, რომ როგორღაც გამოასწროს თავისი იმიჯი, მეორე იქნება ის, რომ მოითხოვს მოსამართლეებად, ელჩებად და მინისტრებად თავისი კანდიდატების დანიშვნას, ჩაყოფს ყველგან ცხვირს. მესამე და უმთავრესი, როდესაც დადგება საპარლამენტო არჩევნების მარათონი, ის მოითხოვს თავისი ფრაქციის შექმნას პარლამენტში და მოიტანს სიას, რომელი ადამიანები უნდა გაიყვანოს ბიძინამ და აქ მოხდება ერთმანეთში დიდი დატაკება. ბოლოს, თუ მანამდე არ დაიშალა ''ქართული ოცნება'' და ბიძინა ივანიშვილი იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს, ეს წავა თავის პრეზიდენტის ფონდით და დაიწყებს ოპოზიციონერობას, დაჯდება ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, ხელს ვერავინ ვერ ახლებს და იქიდან დაიწყებს მეორე ცენტრის შექმნას, შესაძლებელია კახი კალაძესთან ერთადაც კი, ისე იკვეთება მათ შორის ინტერესები. აი, ასეა.

- არ გამორიცხავთ, რომ სალომე ზურაბიშვილისა და კახი კალაძის ინტერესი პოლიტიკურად გადაიკვეთოს და მომავალი ხელისუფლებისთვის ერთად იბრძოლონ?

- არ გამოვრიცხავ კი არა, დაახლოებით ვიცი, ბიძინამ მას მეტოქე არ დაუტოვა და კახი კალაძე ახლა ითვლება ვარსკვლავბიჭუნად. კახი კალაძე არის ეშმაკი ადამიანი თავისი დონის მასშტაბით, ყოველ შემთხვევაში იმ შტერებს სჯობია, თავის კადრები ჰყავს, ფინანსები აქვს, არის უკვე დამოუკიდებელი და მას სჭირდება საერთაშორისო მასშტაბის დონეზე პრეზიდენტის მხარდაჭერა. იკვეთება მათ შორის პოლიტიკური კავშირი და ინტერესთა სფერო, მე ამას ვგრძნობ, ვიცი, რასაც ვამბობ. შეიძლება ერთიც და მეორეც ცალკე ბანაკში აღმოჩნდნენ ''ოცნების'' წინააღმდეგაც კი, ბიძინა ივანიშვილს ყველა ესენი გაწირავენ ბებერი მგელი ტოტიასავით და თვითონ ამას ვერ ხვდება. მისი კიდევ ერთი მარცხი იყო ''ომეგას'' საქმე.

- მაინტერესებს ''ომეგას'' სკანდალური საქმის შეფასება. რა მოხდა იმ რამდენიმე საათში და რატომ მოუხსნეს ყადაღა ოქუაშვილის კომპანიას? შეეშინდა ბიძინა ივანიშვილს იმ ჩანაწერის, რითაც ზაზა ოქუაშვილი პირადად მას ემუქრებოდა?

- რა მოხდა და მოხდა ის, რომ გადაიდო პრესკონფერენცია, სადაც უნდა თქმულიყო და ნაჩვენები ყოფილიყო კიდევ უფრო უმძიმესი კადრები და მე ვფიქრობ, რომ გადაიდო დროებით ეს პრესკონფერენცია და მიეცა ''ომეგას'' საშუალება მოღვაწეობის დაწყების, ეს მასალა, როგორც ჩანს, არსებობს და ივანიშვილს მაგის ეშინია. ფაქტია, რომ ოქუაშვილმა ბეჭზე დადო ივანიშვილი, ჯერ ერთი იმით, რომ ამ კადრებით იძულებული გახადა ივანიშვილი, ეჩვენებინა, რომ ის ყველაფრის საქმის კურსშია, ისიც კი იცის, თავისი თანაგუნდელები რამდენ კუბამეტრ გაჯს ხარჯავენ სასახლეების მშენებლობისას, ჩხუბის და გაწევ-გამოწევის შესახებაც იცის, ბიზნესმენების საქმის გარჩევაც იცის. ოქუაშვილის კადრებმა ყველაფერი გამოავლინა. ამ კადრების გამომჟღავნებით ივანიშვილმა მთელი თავისი პოლიტიკური არსენალი დახარჯა. ახლა ის ზღაპრები, რომ ივანიშვილი არ ერევა არაფერში, უკვე აღარავის არ სჯერა და ბოლო გადაწყვეტილება მანიშნებელი იყო იმისა, რომ ოღონდ არ ჩაეტარებინა ოქუაშვილს პრესკონფერენცია ლონდონიდან და ყველაფერზე მზად იყო. ახლა შეიძლება წავიდეს თხოვნა, რომ ოქუაშვილმა გამოიტანოს სარჩელი ლონდონისა და პარიზის სასამართლოებიდან, იმიტომ, რომ ერთგან არის ბიზნესზე ზეწოლა და მეორეგან სისხლის სამართლის დანაშაული... და სხვათა შორის, მსგავსი საკითხები რომ მოუგვარდეს, რატომღაც ჰგონია, რომ საფრანგეთში დაბადებული ზურაბიშვილი მოუგვარებს ამ საკითხებს, მაგრამ კიდევ ერთხელ თეთრზე წითელით გამოყავი _ ზურაბიშვილი ისეთი ტიპაჟია, რომ არავის არასოდეს არაფერს არ მოუგვარებს, იმდენად არის თავის თავზე შეყვარებული და იმდენად მზად არის, რომ ყველაფერზე გადაიაროს თავისი კარიერის გამო. ქალი, რომელიც მზად იყო, მისულიყო მერაბიშვილის მოადგილედ, ოღონდ კი თანამდებობა მიეღო, მაშინ, როცა მთელი ქვეყანა აგინებდა სისხლიან რეჟიმს და მერაბიშვილს. ამ ქალს გაუჩნდა შანსი, ამიტომ ყველაფერზე მიდის, ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი რომ იყოს, თუ არ არის ატეხილი და კულაკური ფსიქიკის, არ იკადრებდა ამდენ ლაფის შესხმას, მაგრამ ამ ქალმა ოღონდ მიიღოს თანამდებობა და გინდა აფურთხე სახეში, ყველაფრისთვის მზად არის. მაგრამ ამავე დროს საოცრად ბოღმიანი ქალია და დაინიშნება თუ არა პრეზიდენტად, ნახეთ მისი ქცევები, ის თავის თავს ვერ გადაახტება, დაიწყებს ხალხოსნობით, მაგრამ დაამთავრებს საშინელი კონფრონტაციით. არაფრის უფლება ამ დედაკაცს არ ექნება იურიდიულად, მაგრამ სულ პრობლემებს შექმნის. ყველაზე მეტად ვინც არ უყვარს და ვინც ეზიზღება, ეგ იცოდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და ''ოცნების'' ის დეპუტატები არიან, რომლებიც მის გამო დარბიან და მზად არიან გაყალბებისთვის. ერთადერთი, ვისთანაც ის გამოძებნის და გამოძებნილი აქვს უკვე საერთო, ეს არის კახი კალაძე.

- მიხეილ სააკაშვილმა საინტერესო პოზიცია განავითარა, როცა თქვა, ბურჯანაძემ და ''პატრიოტთა ალიანსმა'' კანდიდატურა იმიტომ არ დააყენეს, რომ რუსეთის რჩეული ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილია და ხმები არ გაყვესო. ამ პათოსს იზიარებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს რუსეთი?


- რამდენსაც არ უნდა ფაფხურობდეს სააკაშვილი აქეთ-იქით, ისიც ბიძინასავით რეალობას არის აცდენილი. არაერთხელ ვნახეთ ჩვენ ჯერ ზღვის სანაპიროზე რომ გაიშხლართებოდა და ამბობდა _ უკრაინა, შენს გასათავისუფლებლად მოვდივარო. უკრაინამაც არ მიიღო და ამერიკაში მოქალაქეობას არ აძლევენ, ახლა გაახსენდა საქართველო. მისი ანალიზები ხშირ შემთხვევაში აცდენილია რეალობას. ბურჯანაძეზე გამოირეცხოს პირი, ბურჯანაძემ თავისი კანდიდატურა რომ არ დააყენა, ამით კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას, რომ მისთვის სახელმწიფო ინტერესებია მთავარი და არა პოპულარობა და პრეზიდენტობის კანდიდატისთვის გამოყოფილი თანხები. რით ვერ მიხვდნენ ეს ადამიანები და თუკი ვინმე ივანიშვილს და ''ქართულ ოცნებას'' ებრძვის, არის ბურჯანაძის ''დემოკრატიული მოძრაობა'', რომელსაც დაფინანსებაც კი მოუხსნეს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის რუსეთთან ურთიერთობას, არ ვიცი, რუსეთი იქნება, საფრანგეთი, ისრაელი, თუ რომელი ქვეყანა, ეგ ნაკლებად მაინტერესებს, სალომე ზურაბიშვილი ყველასთან იქნება, სადაც არის მისი კეთილდღეობისა და მისი არნახული კომპლექსების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. თანამდებობა მისთვის ყველაფერია, ამისთვის უნდა და ბოლოს და ბოლოს, დიდ დიპლომატს რომ ეძახიან, მის შელამაზებულ ბიოგრაფიაში საქართველოს ელჩობას თუ არ ჩავთვლით, მეორე მდივნობას ვერ ასცდა ვერსად. ჩადში იყო მეორე მდივანი, მე ვარ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უმაღლესი რანგის და ვიცი, რას ვლაპარაკობ. დიდი დიპლომატი ეგ არსად არ იყო, სულ იყო ტექნიკური მუშაკის და ნახევრად დიპლომატის ზღვარს შორის, ამიტომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მშვენივრად მოიწყოს ცხოვრება და ძალიან კარგად თამაშობს ნაყიდ, გოიმ, პროვინციელ ქართველებზე. ძალიან კარგად ივაჭრა ჯერ ნაცებთან, ნაცებს ხმა საერთოდ არა აქვთ ამოსაღები იმიტომ, რომ ნაცებმა მოიყვანეს ეს ქალი და ბიძინაც მათთან ერთად იყო თავის დროზე, ნაცებს რომ არ შეეზიზღებინათ თავიანთი ქმედებებით ხალხისთვის თავი, დღემდე იქნებოდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ სექტად რომ იქცნენ, თავის თავს დააბრალონ და ამ ქალმა კლასიკურად გაყიდა თავისი თავი, კარგად ვაჭრობს და ჯერ სადა ხარ, ისეთ ''გორლაზე'' და მადაზე მოვა, მიშა რომ სთხოვდა ფულებს ივანიშვილს, იმას გადააჭარბებს ამ საქმეში. ქართველი ხალხისთვის ყველაფერი უცხოური რომ სასწაულად კარგი და მისაღებია, ესეც ძალიან კარგად დაიჭირა და ითამაშა პარიზელის როლი, პარიზში საერთოდ იციან ეს ქალი?! საქართველოს სათვისტომოში არ იღებდნენ და ჩვენ გვგონია, ეს ქალი ნომერი პირველია და ვისაც ასე ჰგონია, გაჰყვეს და იყოს მასთან.

- ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზურაბიშვილს - 40, ვაშაძეს კი 38 პროცენტი აქვს. ''ნაციონალური მოძრაობა'' ისე ახლოსაა ხელისუფლებასთან, როგორც არასდროს, ეს ძალიან კარგად მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა უნიათო გუნდმა...

- ივანიშვილმა არ გაირთულა საქმე, არჩია კოჰაბიტაცია და ერთადერთი, რაც ბიძინამ გააკეთა, ისაა, რომ არჩევის საშუალება ხალხს არ დაუტოვა, ''ნაციონალების'' სამი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იყრიდა კენჭს, ეს არის ბიძინას ''დამსახურება'', მან გათვალა ძალიან ეშმაკურად, სხვათა შორის, რაც არ უნდა ვთქვათ, უნიჭო არ არის და თავის ჭკუაზე ატრიალებს ამ პატარა ქვეყანას ჯერჯერობით. მან გათვალა, რომ ყველაფერს აპატიებს ხალხი, სასახლეებსაც, მექრთამეობასაც, ''ქართული ოცნების'' სითახსირეს, ოღონდ ''ნაცები'' არა, მან ნაცები დატოვა, რბილი ბალიში გაუკეთა მათ 2012 წელს და ყველა დანარჩენის პოლიტიკურად განადგურებას ცდილობს, ოღონდ ესენი ჰყავდეს. ამიტომ მათი არაფერი მჯერა, მან პრაქტიკულად პოლიტიკური ცხოვრება მოსპო, გადააყოლა ''ნაციონალებს'' და თავისი ''პლანის'' პლანტაციებს ქვეყანა. ივანიშვილისა და ''ქართული ოცნების'' პოლიტიკური დაქცევის დასაწყისია. რაც ხდება, ყველაფერი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მიდის.
ნინო სამხარაძე



FaceBook Twitter Google