ნინო ბურჯანაძე - არანაკლებ მნიშვნელოვანი არჩევნები წინ გელოდებათ თქვენც და ქვეყანასაც
„ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ქართული ოცნება“. ამაში, მთავარი დამნაშავე არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია. „ვეთანხმები გამოთქმას „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ქართული ოცნება“. ამაში, მთავარი დამნაშავე არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. არჩევნებამდე ცოტა ხნის წინ მე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, პარლამენტის წინ სწორედ „ქართული ოცნება“ უნახავდა ადგილს „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა ზაზა სარალიძე. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არის გარდაუვალი. ამიტომ ყველა პოლიტიკურ პარტიას მივმართავ თხოვნით, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, 2 დეკემბრამდე ცვლილებები შეიტანოს საარჩევნო კოდექსში და შეცვალოს საარჩევნო სისტემა, არსებული პოლიტიკური კრიზისი კი ამით მოაქციოს პოლიტიკურ ჩარჩოში“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიურi კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაცები იყვნენ ოპოზიციის მოთხოვნის შესრულების გარანტი. „ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება თუ გონიერებას მოუხმობს და გაითვალისწინებს ყოველივე ამას, „ქართული ოცნება“ შეძლებს პოლიტიკური კრიზისის პოლიტიკურ ჩარჩოებში მოქცევას და გაუჩნდება შანსი, საერთოდ არ გაქრეს ქართული პოლიტიკიდან. ნურავის დაავიწყდება, მოსახლეობის 60 %-ს ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, ამ 60%-ს კი ნამდვილად შეუძლია საპარლამენტო არჩევნებზე გარღვევის მოხდენა.

მივმართავ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, თუ ჭკუა გაქვთ ეს შანსი აუცილებლად გამოიყენეთ, თუ რა თქმა უნდა გაქვთ იმის უნარი, რომ ორი მიმართულებით იფიქროთ. ცხადია, ახლა თქვენი თავი მხოლოდ საპრეზდენტო არჩევნების მე-2 ტურზე ფიქრობს, მაგრამ დამიჯერეთ, არანაკლებ მნიშვნელოვანი არჩევნები წინ გელოდებათ თქვენც და ქვეყანასაც“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის კომენტარს „დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.
FaceBook Twitter Google