ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას: „თქვენ არ ხართ პირნათელი 26 მაისის წინაშე“
ბოლო დღეებში გახშირდა 26 მაისის ტრაგედიით აპელირება, როგორც სახელისუფლებო ძალების, ასევე სამთავრობო გუნდის აქტიურ მხარდამჭერთა მხრიდან. ეს ყოველივე ერთგვარ ტრადიციად იქცა, როდესაც არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ ცდილობს 26 მაისის გამოყენებას. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე და მიმართა იმ ადამიანებს, ვინც 26 მაისს პოლიტიკური სპეკულაციისათვის იყენებს.

„არ გრცხვენიათ? რომ გაგიჭირდებათ მაშინ გახსენდებათ 26 მაისი. სირცხვილი, ნამუსი, ელემენტარული პასუხისმგებლობა არ გაქვთ? როდის გაგხსენებიათ 26 მაისი? გამოიძიეთ 26 მაისი თუ 26 მაისის მონაწილეებს ელემენტარულად, რამე ადამიანური ყურადღება მიაქციეთ? არავინ არაფერს არ გთხოვდათ თქვენ, იქ არ იდგა ისეთი ხალხი, რომ ვინმეს რამე მოსთხოვოს, მაგრამ ადამიანური თბილი სიტყვაც კი არ გითქვამთ მათთვის, შეხვედრითაც კი არ შეხვედრიხართ, რომ დალაპარაკებოდით იმ ადამიანებს, ვისი სისხლითაც მოხვედით ხელისუფლებაში“. - ასეთი განცხადებით მიმართა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ქართული ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს.

„ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ მოვიდოდა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რომ არ ყოფილიყო 26 მაისი. სწორედ, 26 მაისმა გადატეხა წელში „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. გახსოვთ ალბათ, ივანიშვილი აცხადებდა, ვუყურებდი როგორ არბევდნენ ხალხსო. მაინტერესებს, რატომ უყურებდა? არ იცოდა რომ დაგვარბევდნენ? არ შეეძლო დარბევამდე 1 საათით ადრე გამოსულიყო და ეთქვა, არ გაბედოთ ხელის ხლება ამ ხალხზე, თორემ მთელი საქართველო გვერდში დავუდგებითო? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ყველაფერი მე დამაბრალეს. საერთოდ, ბატონ ბიძინას რომ ჰკითხოთ, იქ ყველა გმირი იყო ნინო ბურჯანაძის გარდა, მაგრამ უფრო მთავარი რაც არის, თქვენ არ დასაჯეთ 26 მაისის აქციის დარბევის ორგანიზატორები და შემსრულებლები, თქვენ არ გამოიძიეთ ეს საქმე, თქვენ არაფერი გააკეთეთ დამნაშავეების დასასჯელად. სწორედ, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ მოგცემთ 26 მაისით სპეკულირების უფლებას, რადგან თქვენ არ ხართ პირნათელი 26 მაისის წინაშე, დაანებეთ თავი 26 მაისით აპელირებას.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google