გიორგი ახვლედიანი - ივანიშვილის გადარჩენის შანსი პროპორციული საარჩევნო სისტემაა
ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების შესანარჩუნებლად ერთადერთი შანსი რჩება, ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა.
მისი აზრით, ქვეყანაში შეიქმნა ისეთი პოლიტიკური ვითარება, როდესაც საარჩევნო სისტემის ცვლილება და მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, სწორედ ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ოცნებამ“ ყველა დიდი ქალაქი წააგო, წააგო სამეგრელო, ნახევარი იმერეთი, კახეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დიდი ალბათობით მაჟორიტარულ ოლქების უმრავლესობაში დამარცხდება. ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ პროპორციულ სისტემაში მცირედით რომც მოიგოს „ქართულმა ოცნებამ“, საპარლამენტო უმრავლესობა მაინც მაჟორიტარულ სისტემაში გამარჯვებულს დარჩება და რეალობა ისე მიდის, გამარჯვებაც და უმრავლესობაც სააკაშვილს დარჩება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უბედურება „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს თავად დამართა, როდესაც არაადეკვატურად დაყო და გააერთიანა მაჟორიტარული ოლქები. ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი შანსი რჩება, შეინარჩუნოს ხელისუფლება - ეს არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და იმის იმედად ყოფნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების უფლებას შეინარჩუნებს. მას ვინმემ უნდა გააგებინოს დღევანდელი შერეული მაჟორიტარული სისტემის პირობებში „ქართული ოცნება“ გარანტირებულად კარგავს ძალაუფლებას“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

ის განმარტავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ერთ თვეში ვერ მოესწრება, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას უახლოეს დღეებში დაიწყებს, ეს იქნება ძალიან პოზიტიური გზავნილი საზოგადოებისათვის ხოლო გადარჩენის შანსი თავად ოცნებისთვის.
FaceBook Twitter Google