ნინო ბურჯანაძე - საქართველოს პრეზიდენტობის ვერც ერთი კანდიდატი რუსეთთან ურთიერთობების შეცვლას ვერ შეძლებს
პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტობის ვერც ერთი კანდიდატი მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ ვერ შესძლებს რუსეთთან ურთიერთობების შეცვლას.

„ვერც ერთი კანდიდატი ვერ შესძლებს რუსეთთან ურთიერთობების შეცვლას. ისინი მხოლოდ იმით არიან დაკავებულნი, რომ ერთმანეთს ეჯიბრებიან პრორუსულ განწყობებში დადანაშაულებით. ეს ის ხალხი არ არის, ვინც გარღვევას მოახდენს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში. ამ არჩევნებზე არ იყო არც ერთი კანდიდატი, ვინც გაბედა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საუბარი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ნინო ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და მესამე ძალის შექმნას აპირებს, რათა ხალხს ალტერნატივა შესთავაზოს.

„ჩემთვის ახლა ყველაზე მთავარია შევქმნა ძალა, რათა ხალხს ალტერნატივა შევსთავაზო და დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე კარგ შედეგს მივიღებთ. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში ბევრს სურს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, ხოლო ამის შეთავაზება არც ერთ კანდიდატს არ შეუძლია, დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან წარმატებულ შედეგებს მივიღებთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, „როგორც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები, ფაქტი ის არის, რომ ივანიშვილის ერა დაშლას იწყებს“.
FaceBook Twitter Google