ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება წინასაარჩევნოდ „მოსახლეობის გულის მოგებას“ უკავშირდება
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გულის მოგებას უკავშირდება.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება რომ მოეპოვებინა, პროკურატურა ოთარ ფარცხალაძეს ბრალს არ წაუყენებდა.

„მე მგონია, არც ერთი ადამიანისათვის, ვინც ელემენტარულად ნორმალურად აზროვნებს, კითხვის ნიშნებიც კი არ ჩნდება, რომ ეს არის მოსახლეობის გულის მოგება და სხვა არაფერი. ეს არის ნამდვილად წინასაარჩევნო პროცესი. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ პირველ ტურში რომ არ წაეგო, არანაირი დაკითხვა და არანაირი საქმის დაწყება ფარცხალაძის წინააღმდეგ არ მოხდებოდა. უბრალოდ, ახლა ძალიან კარგად დაინახეს, რომ ადამიანები მართლაც უკიდურესაც აღშფოთებულები არიან და გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად, მათ მოთხოვნას პასუხი გასცენ, მოიგონ ადამიანების გული, რომ მეორე ტურში როგორმე თავიანთი კანდიდატი გაიყვანონ. სხვა არაფერია ეს, თუ არა საარჩევნო „ტრიუკი“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის შეფასებით, ყოფილი მთავარი პროკურორის გარშემო მიმდინარე პროცესები ისეთივე ფარსია, როგორიც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა იყო.

ნინო ბურჯანაძის თქმით, პროკურატურამ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი ხალხის გულის მოსაგებად წაუყენა და არა იმიტომ, რომ მმართველი გუნდი საკუთარ შეცდომებს მიხვდა.

„ეს არის ჩვეულებრივი ფარსი, რასაც მიჩვეულია „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის ხელისუფლება. ეს არის ისეთივე ფარსი, როგორიც მათი მხრიდან ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენა იყო. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო პერიოდში გაგრძელდება და საარჩევნო პერიოდის შემდეგ ფარცხალაძეს მაქსიმუმ ჯარიმა გადაახდევინონ და სხვა არანაკლებ სერიოზული პრეტენზიების შესახებ, რომელიც მის მიმართ იყო, საერთოდ არ თქმულა. ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ერთადერთი ამოცანაა, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, მეორე ტურში თავიანთი კანდიდატი გაიყვანონ. სხვა ამოცანა მათ არ აქვთ და ამისთვის ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რაც მათი აზრით, შეიძლება, მოსახლეობის გულის მოსაგებად გამოდგეს. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ისინი მიხვდნენ, რომ ცუდად იქცეოდნენ, რომ მათი პოლიტიკა არასწორი იყო, არა სამწუხაროდ,ეს ასე არ არის“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

აღნიშნული საქმე შეეხება 2017 წლის 13 მაისს ღამის კლუბ „ელ - ცენტროში“ მომხდარ ინცინდენტს, რა დროსაც ოთარ ფარცხალაძემ და მიხეილ ჩოხელმა სცემეს ლაშა თორდიას. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებული განმარტებით, ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის მიერ განხორციელებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, რის გამოც მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 20 დეკემბერს ჩაინიშნა.
FaceBook Twitter Google