„ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაყიდ სავარძელში ყოფნა ღმერთმა დამიფაროს“
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში არასამართლიანად ჩატარდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად არის არჩეული პრეზიდენტი.

მართალია, უსამართლო არჩევნებით, მაგრამ ის [სალომე ზურაბიშვილი] უკვე არჩეული პრეზიდენტია. სხვადასხვა მექანიზმებით ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ რეალურად დაფიქსირდა ხმები, რამაც ხელისუფლების კანდიდატს მოგების შესაძლებლობა მისცა. მაგრამ ეს არ ჩაითვლება სამართლიან არჩევნებად და ამას ყველა საერთაშორისო დამკვირვებელიც ამბობს“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კმაყოფილია, რომ „ამ ფარსში“ მონაწილეობა არ მიღო.

„ქალბატონი სალომეს პრეზიდენტობა სამწუხაროდ, სიყალბთ დაიწყო, როდესაც მან [სალომე ზურაბიშვილმა], ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ის წარმოგვიდგინეს როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ამ როლს ქალბატონი სალომე ბოლომდე თამაშობნდა. ჩვენ კი დავინახეთ, რომ ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი თავად ლამის არ მნაწილეობდა საკუთარ კამპანიაში – ამ კამპანიას წარმართავდა „ქართული ოცნება“. ნებისმიერი საქმე, რომელიც სიყალბით იწყება, კარგად არ სრულდება, მაგრამ ის არის არჩეული პრეზიდენტი და ვინაიდან მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ, მას წარმატებას ვუსურვებ. ვუსურვებ, შეძლოს მოაგვაროს ის პრობლემები, რასაც საზოგადოებას ჰპირდებოდა, თუმცა ამასთან დაკავშირებით სერიოზული სკეპტიციზმი მაქვს“,– განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, მას ზურაბიშვილის არ შურს:

„ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაყიდ სავარძელში ყოფნა ღმერთმა დამიფაროს. მე რომ ასეთი რამ მდომოდა, როგორღაც მოვახერხებდი [...] . არანაირად არ მშურს ქალბატონი სალომეს დღევანდელი მდგომარეობა. ნამდვილად ვერ ავიტანდი იმას, რომ ვიღაცას ჩემი სურათები ჩამოეხსნა და ვიღაცას ჩემი გვარის თავზე ბიძინა ივანიშვილის სურათი დაეხატა. ერთადერთი გულისწყვეტა იმაზე მაქვს, რომ არც 2013 და არც 2016 წლებში არ მომეცა შესაძლებლობა, ქართულ პოლიტიკაზე რეალური ზეგავლენა მომეხდინა, რადგან დარწმუნებული ვარ, ბევრი რამის შეცვლა შემეძლო“. 

როგორც ბურჯანაძე ამბობს, მისი გუნდი ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ აქციებს არ შეუერთდება, რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, ფიქრობს, რომ ეს პოლიტიკური პროცესია და ამ მოთხოვნას ის საპრეზიდენტო არჩევნებამდეც აყენებდა.

FaceBook Twitter Google