ნინო ბურჯანაძე - ვურჩევ ივანიშვილს, გამოიყენოს ერთადერთი შანსი და შეცვალოს საარჩევნო სისტემა
ერთიანი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე განმარტავს, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გამოსავალი არის საარჩევნო სისტემის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბურჯანაძე ვითარების გაგრძელების გზას ქუჩაში ხედავს.

„თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდება რევოლუციით. საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც ორი კანდიდატი იბრძოდა, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, გარდამტეხ საპარლამენტო არჩევნებში ძალიან ბევრი პარტია მიიღებს მონაწილეობას და ბიძინა ივანიშვილი ვეღარ შეძლებს ისეთ გაყალბებას, როგორიც უკვე გვქონდა. თუ ოლიგარქი ისევ შეეცდება გაყალბებას, პროცესები გადავა ქუჩაში. მაშინ კი ნამდვილად შეიძლება ყველა ოპოზიციური პარტია ერთად აღმოჩნდეს, ასეთია რევოლუციის ბუნება“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

იმისთვის რომ „ქართული ოცნება“ დარჩეს ქართულ პოლიტიკაში და საერთოდ არ გაქრეს, ნინო ბურჯანაძე ურჩევს ბიძინა ივანიშვილს, ბევრი დაპირებებიდან ერთ-ერთი მაინც შეასრულოს.

„მე ვურჩევ ივანიშვილს, გამოიყენოს ერთადერთი შანსი, შეცვალოს საარჩევნო სისტემა, მითუმეტეს, როდესაც ამის დაპირებას ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ მაშინ იძლეოდა, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა. მან არ შეასრულა არცერთი დაპირება, არც 100 საწარმო, არც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, არც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და აფხაზეთის და ოსეთის პრობლემის გადაჭრა - არცერთი ეს დაპირება მას არ შეუსრულებია. იქნებ ეს ერთი დაპირება მაინც შეასრულოს, რაც საარჩევნო გარემოს ეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ წაილეკება და რევოლუცია იქნება გარდაუალი“, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
FaceBook Twitter Google