გუბაზ სანიკიძე - ქართველებს ქრისტიანული რიტუალის ჩატარების უფლებას არ აძლევენ, გავუგზავნოთ რუსეთის პატრიარქს ეს უმძიმესი კადრები
შემზარავი კადრები ვიხილეთ გუშინ, როგორ დასტიროდა ჭირისუფალი საკუთარ ცხედარს ხიდს აქეთ. აფხაზები საერთოდ ჭკუიდან გადავიდნენ, - აცხადებს ,,დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე. აღნიშნულ ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გუბაზ სანიკიძის განაცხადებით, არსებობს ფასეულობები, რომელიც მხოლოდ ქრისტიანული აღარ არის და მიცვალებულის დატირების უფლება ყველა ერში და ყველა რელიგიაში ერთნაირად ფასეულია.

„ქვეყანას იარები აქვს. სამეგრელოს მდგომარეობა უმძიმესია. ამ ხელისუფლებას მე აღარაფერს ვთხოვ, უნდა მოსთხოვო უნარიანს და არა - უუნაროს. ამ ხელისუფლებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არანაირი მოსაზრება, არც ზეპირი და არც დაწერილი გეგმა, პერსპექტივა არ აქვს. ტერიტორიების დაბრუნება კი არა, საქართველოს გაერთიანებაა სწორი ტერმინი“, - აღნიშნა სანიკიძემ.

ის მიმართავს საპატრიარქოს და სთხოვს, რომ საქართველოში ჩამოსულ უკრაინის ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) წარმომადგენლებს აჩვენონ გუშინდელი ორსანტია-ოტობაიას უმძიმესი კადრები.

„ჩამოვიდნენ ჩვენს პატრიარქთან და ჩივიან, უკრაინაში გვჩაგრავენო, მღვდლებს და მრევლს აგდებენ ეკლესიებიდანო. ჩვენს საპატრიარქოს უმორჩილესად ვთხოვ, აჩვენონ მათ გუშინდელი კადრები, ქართველებს ქრისტიანული რიტუალის ჩატარების უფლებას არ აძლევენ. ეს არის გაუგონარი სისასტიკე. გავუგზავნოთ რუსეთის პატრიარქს ეს კადრები და იმოქმედონ", - განაცხადა სანიკიძემ.
FaceBook Twitter Google