ნინო ბურჯანაძე - გრიგორი კარასინის განცხადება ივანიშვილის არასახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგია
„ძალიან საგანგაშო იყო ის განცხადება, რომელიც ბატონმა გრიგორი კარასინმა გააკეთა. ეს არის იმ უგუნური და არასახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება აწარმოებს ამ წლების განმავლობაში“, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ რუსეთის სახელმწიფოსთან დაძაბულ ურთიერთობას ამძაფრებს საქართველოს მხრიდან მუდმივი საუბარი ნატო-ში გაწევრიანების შესახებ და ჩატარებული წვრთნები. მისი თქმით, არსებული ხელისუფლება ვერ შეძლებს რუსეთთან ვერანაირი დიალოგის წარმატებულად დასრულებას, რადგან იქ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების ნაცვლად, ივანიშვილის პირადი კეთილდღეობა და ინტერესები იხილება. ნინო ბურჯანაძე აკრიტიკებს ზურაბ აბაშიძეს და აცხადებს, რომ აბაშიძე ივანიშვილთან არ უნდა ათანხმებდეს, რაზე ილაპარაკოს კარასინთან ერთ მაგიდასთან.

„თავისთავად ის ფაქტი, რომ ზურაბ აბაშიძე მმართველი პარტიის ლიდერს უთანხმებს შეხვედრის დეტალებს, არის აბსოლუტურად მიუღებელი და საგანგაშო ქვეყნისთვის. მართალია, მან აღნიშნა, რომ ივანიშვილი მმართველი პარტიის ლიდერია, მაგრამ რამდენადაც ცნობილია, თავად აბაშიძე არ არის ამ პარტიის წევრი და შესაბამისად, ის არ უნდა ათანხმებდეს ივანიშვილთან, თუ რაზე უნდა ესაუბროს კარასინს. აბაშიძე არის ადამიანი, რომელსაც დასავლეთ-ევროპის ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება აქვს და კარგად უნდა ესმოდეს, თუ რას ნიშნავს არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში. რაც შეეხება ივანიშვილს, ის ნებისმიერ აზრსა და შეხედულებას რუსეთან მიმართებაში სათავისოდ, პირადი ინტერესებისთვის სავაჭროდ იყენებს და არა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. მე იმედი მაქვს, რომ ეს მაინც გამოაფხიზლებს საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა მოსწონს“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო დროს გახშირდა ქართველი პოლიტიკოსების მკვეთრი განცხადებები, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის მხრიდან.

„ისინი საუბრობენ ნატო-სკენ დაჩქარებულ სვლაზე, დემოკრატიული ევროპის მიმართ რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ უწყობს ხელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ორმხრივი მიზიდულობის ატმოსფეროს გაძლიერებას. თბილისი უნდა ჩამოყალიბდეს: ან აირჩიოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. ამის ერთდროულად გაკეთება რთულია და ძალიან სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. გასაგებია, რომ თუ სამხრეთ კავკასიაში ნატო-მ სამხედრო აქტიურობა განავითარა, ადრე თუ გვიან ეს პრობლემებს გამოიწვევს“, - განაცხადა კარასინმა.
FaceBook Twitter Google