ნინო ბურჯანაძე: „ეუთოს დასკვნა ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრეზდენტის სავარძელი იყიდა“
„მე ველოდებოდი ეუთოს ასეთ დასკვნას, რადგან წარმოუდგენელი იყო, მას თვალი დაეხუჭა ისეთ უკანონობაზე და კანონის უხეშ დარღვევაზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა და მისა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამ დოკუმენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან მთელი მსოფლიო დარწმუნდა იმაში, რაზეც აქამდე მხოლოდ ჩვენ, ოპოზიცია ვსაუბრობდით“. - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძე აღნიშნულ დოკუმეტს, როგორც უმძიმეს დასკვნას, ისე აფასებს და მიაჩნია, რომ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი დოკუმენტის გამოქვეყნება, პრეზიდენტის ლეგიტიმაციის საკითხს დააყენებდა.

„მე პირადად ასეთი დასკვნა საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს, დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი ქმედებები არის დასჯადი, როგორც საარჩევნო კანონმდებლობით ასევე სისხლის სამართლის კოდექსით. ეუთოს დასკვნა ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის სავარძელი იყიდა. გაჭირვებული ხალხის საბანკო ვალები ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის გაახსენდა. სოციალურად დაუცველებს არჩევანის უფლება არ მისცა, რადგან სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრა. ამის შემდეგ არ მგონია ვინმეს კითხვა გაუჩნდეს, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები იყო ფალსიფიცირებული, გაყალბებული, მოსყიდვით, შანტაჟით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მოგებული და შესაბამისად ლეგიტიმაციაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია“. - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მისი განმარტებით, ხელისუფლება იმდენად ცინიკური და თავხედია, რომ ყველაფრის მიუხედავად, დაჟინებით იმეორებს თუ როგორი მაღალი დემოკრატიულობით ჩაატარეს არჩევნები და თურმე არ ეთანხმებიან ეუთოს დასკვნას.


FaceBook Twitter Google