ნინო ბურჯანაძე - ანაკლიის პორტი უნდა იყოს მხოლოდ ქართული და ეროვნული პროექტი
„ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს არ აინტერესებს ამ ქვეყნის განვითარება. მათ ინტერესებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები ეწირება. ამის მაგალითია ის აჟიოტაჟი, რაც ანაკლიის პორტთან მიმართებაში ხდება,“ - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, ივანიშვილი რუსეთთან ვაჭრობს იმისთვის, რომ თავად გადარჩეს. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს ამის მაგალითად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის ბოლო დროს გაკეთებული განცხადება მოჰყავს.

„კარასინს შემთხვევით კი არ წამოცდა, რომ აბაშიძემ მასთან ივანიშვილის მესიჯებით ისაუბრა. კარასინმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რომ ის არაფორმალური მმართველია საქართველოში. თუ ანაკლიაზე ამდენი პრობლემა არსებობდა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანაკლიის მშენებლობას რუსეთი უშლის ხელს, მაშინ ანაკლია უნდა გადააქციო ნამდვილ ქართულ პროექტად და ის უნდა იყოს მხოლოდ სავაჭრო ინტერესებისათვის გამოყენებული პორტი. თუ ხელისუფლება ხარ და თუ აზროვნებ სახელმწიფოებრივად, მაშინ პირდაპირ უნდა განაცხადო, რომ ანაკლია არ იქნება სამხედრო დანიშნულების პორტი და ვერც რუსები, ვერც ამერიკელები და ვერც თურქები ვერ გამოიყენებს მას სამხედრო ინტერესებისათვის. როდესაც ნატო-ს სამხედრო საზღვაო ძალების სარდალი აცხადებს, რომ ანაკლია ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პროექტია, ამას საქართველოს მხრიდან უნდა მოჰყვეს სხვა პასუხი: ანაკლია არის მხოლოდ ქართული ეროვნული პროექტი. რატომ არ აკეთებს ამას ჩვენი ხელისუფლება? პასუხი ძალიან მარტივია -ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს არც აფხაზეთის დაბრუნება და არც საქართველოს გაერთიანება. მას აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივება,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google