გიგლა ბარამიძე - შეეშვით ნინო ბურჯანაძის პრორუსულობაზე საუბარს, საკუთარი „პროები“ მოიკითხეთ
ნინო ბურჯანაძე რომ იყოს ხელისუფლებაში, რუსეთთანაც დალაგებული გვექნებოდა ურთიერთობა და საოკუპაციო ხაზთან შარვლის ჩახდა არ დასჭირდებოდა ზოგიერთებს,-ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის „ პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ქვეყანას ჰყავს სინდის და სახე დაკარგული ხელისუფლება, რომელსაც არ აწყობს სხვა არცერთი ოპოზიციური ძალა, გარდა ,,ნაციონალური მოძრაობისა".

„ამ ხელისუფლებამ დიდი ხანია სინდისი დაკარგა.ყველა მათი ნაბიჯი არის სინდის და სახე დაკარგული პოლიტიკური ჯგუფის ანასხლეტი ქმედება. ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ არ არსებობს და თუ არსებობს, სუსტია ოპოზიცია. პრობლემა, ჩვენში, ოპოზიციურ პარტიებში კი არ არის. პრობლება ამ ხელისუფლების განზრახვაშია. მათ აწყობთ ,,ნაციონალური მოძრაობა" ჰყავდეთ ოპოზიციაში, რადგან ამ ხრიკით ჩვენი საზოგადოება ბევრჯერ მოტყუვდა“, -აცხადებს ,,დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე.

როგორც ის ამბობს, ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში სწორედ ნინო ბურჯანაძის და მისი თანაპარტიელების ბრძოლის შედეგად მოვიდა.

,,26 მაისი ახსოვს რომელიმეს? სწორედ 26 მაისი გახდა იმის წინაპირობა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" წასულიყო ხელისუფლებიდან და ბიძინა და მისი გუნდი მოსულიყო. თუმცა მათი მოსვლით რა შეიცვალა, ერთი კრიმინალური ბანდა შეცვალა მეორემ. ივანიშვილს ჰყავს კადრები, რომლებიც ძალიან პრეტენზიულები და ამბიციურები არიან, მაგრამ ამავდროულად უვიცები. ასეთი კადრები სად ეძება და სად იპოვა ივანიშვილმა, არავინ იცის. ნინო ბურჯანაძე არ უნდათ, რადგან არ სჭირდებათ მაღალი კლასის პოლიტიკოსები, ჩუგოშვილი ურჩევნიათ და ხულორდავა. მოძველდა ნარატივი, რომ ნინო ბურჯანაძე პრორუსი ძალაა. შეეშვით ნინო ბურჯანაძის პრორუსულობაზე საუბარს, საკუთარი ,,პროები" მოიკითხეთ“, - აცხადებს გიგლა ბარამიძე.

ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.
FaceBook Twitter Google