ნინო ბურჯანაძე - ვინც გაყოფილ საქართველოს ნატოს წევრობას გვთავაზობს, საქართველო ფეხზე ჰკიდია

ვინც გაყოფილ საქართველოს ნატოს წევრობას გვთავაზობს, საქართველო ფეხზე ჰკიდია, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.


ბურჯანაძის თქმით, ის დღეს საგანგებო ბრიფინგით ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებას ეხმაურება საქართველოსთან მიმართებაში.

„მან განაცხადა, რომ ნატოს შეუძლია, ჩვენთან გამოიყენოს ე.წ. კვიპროსის მოდელი. ეს გულისხმობს, რომ კვიპროსი 2004 წელს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ორად იყო გაყოფილი, ევროკავშირის მიერ წევრად იქნა მიღებული. ბატონი რასმუსენი გაყოფილ საქართველოს ევროკავშირის წევრობას კი არა, ნატოს წევრობას სთავაზობს. კვიპროსი კი არაა ნატოს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსის ტერიტორიაზე ბრიტანეთისა და თურქეთის, ანუ ნატოს წევრი ორი ქვეყნის სამხედრო ბაზებია განლაგებული. ნატოში ასე გაწევრიანება ნიშნავს ქვეყნის გაყოფას, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე საბოლოო უარის თქმას - ეს სრულიად ნათელია. რატომ გვთავაზობენ ნატოს წევრობას გაყოფილი ტერიტორიებით და არა ევროკავშირის წევრობას? მაშინ ჯერ ევროკავშირში მიგვიღონ და 14 და 20 წლის მერე ვილაპარაკოთ ნატოზე, თუ ტერიტორიული პრობლემები კვლავ მოუგვარებელი იქნება. ევროკავშირში ასე შესვლას იმიტომ არ გვთავაზობენ, რომ საქართველოს ინტერესები არავის აინტერესებს ყველას სურს, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებების განსახორციელებლად. არავის გული არ შეუტოკდება, რომ ასეთ შემთხვევაში აფხაზეთი და სამაჩაბლო ვეღარასდროს იქნება ერთიანი საქართველოს ნაწილი.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არასდროს ამ სიტყვით არავისთვის მიმიმართავს, მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც თუნდაც, დათანხმდება კვიპროსის მოდელით ნატოში შესვლის განხილვასაც კი, უარს ამბობს საქართველოს გამთლიანების შანსსზე და მე ამ ადამიანს მოღალატედ და ქვეყნის გამყიდველად ვთვლი", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ რასმუსენის განცხადებიდან გამომდინარე, ადამიანებს, ვინც გაყოფილ საქართველოს ნატოს წევრობას გვთავაზობს, საქართველო "ფეხზე ჰკიდია".

"ამ ვითარებამ გამახსენა ბედკრული საქართველოს ისტორიიდან ბევრი მაგალითი და შეგახსენებთ მუხრან მაჭავარიანის ლექსის ერთ ნაწყვეტს. სულხან-საბა ორბელიანის ელჩობის შესახებ მას აქვს დაწერილი: "საფრანგეთს ვთხოვოთ, რომ გვიშველოს, სასაცილოა, შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია". საფრანგეთის მაგივრად ვიტყოდი სიტყვა მსოფლიოს ან თუნდაც, ნატოს. სამწუხაროდ, რასმუსენის ეს განცხადება ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, ვინც გაყოფილ საქართველოს ნატოს წევრობას გვთავაზობს, საქართველო ფეხზე ჰკიდია. ჩვენ კი, საქართველოს პატრიოტებს მთავარ პრიორიტეტად ყოველთვის გვექნება ერთიანობა და მთლიანობა, რადგან ამ ორი კუთხის გარეშე ნებისმიერ ალიანსში თუ მის გარეთ საქართველო იქნება ხეიბარი ქვეყანა, სადაც ვერც დემოკრატია და ვერც ეკონომიკა განვითარდება და საზოგადოებას ვერ ექნება ღირსეული ცხოვრება", - განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა დასძინა, ნატოს წესდების მეხუთე მუხლის გარეშე ნატოში შესვლა ნიშნავს, რომ ნატო წევრ ქვეყანას სხვა ქვეყნის მიერ თავდასხმის შემთხვევაში აღარ დაიცავს.

"ნატო გინდათ იმისთვის, რომ თუ ვინმე თავს დაგვესხა, მან დაგვიცვას. მეხუთე მუხლის გარეშე ნატოში რა გინდათ? მეხუთე მუხლის გარეშე ნატოში შესვლა ნიშნავს, რომ თუ ვინმე თავს დაგესხმება, ნატო არ ჩაერთვება ამ კონფლიქტში და არ დაგიცავს. აბა რისთვის გინდათ ნატო, ამერიკული ბაზები რომ განლაგდეს, ამერიკული რაკეტები დაუმიზნონ მოსკოვს და თუ ერთმანეთს დაარტყამენ, ჩვენგან ასე ვთქვათ, სველი ადგილი დარჩეს?" - აღნიშნა მან.

 

FaceBook Twitter Google