ნინო ბურჯანაძე - ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა საბოლოოდ ფორმდება
თუ ბიძინა ივანიშვილი არ გააცნობიერებს საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობას, არ გააცნობიერებს რას ნიშნავს ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო და სამართლიანი, მოუსყიდავი მოსამართლეები, ქვეყანა აუცილებლად დესტაბილიზაციის გზით წავა და ამაზე პასუხისმგებელი პირადად ივანიშვილი იქნება, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილთან გამართული უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრების შეფასებას გამოეხმაურა, რომ ვენეციის კომისია არ უნდა ერეოდეს საქართველოს საშინაო საქმეებში. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი იგნორი, ხელისუფლებას ცუდ დასასრულს უქადის.

„ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა საბოლოოდ ფორმდება. დღეს ბიძინა ივანიშვილთან უმრავლესობის სხდომიდან გამოსულმა „ქართული ოცნების“ წევრებმა განაცხადეს, რომ ვენეციის კომისია არ უნდა ერეოდეს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში. საშინაო საქმეში, რა თქმა უნდა, არავინ არ უნდა ერეოდეს, მაგრამ ვენეციის კომისია, ეუთო და მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციები, მოწოდებული არიან იმისათვის, რომ ქვეყანას მიუთითონ, რომ ის დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევას იწყებს. ამ ღირებულებებს ჩვენ დიდი ხანია გადაუხვიეთ, რაც გამოიხატება სასამართლო პროცესებში, რაც გამოიხატება არჩევნების აბსოლუტურ გაყალბებაში და მანიპულურებაში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ნუ უკეთებთ იგნორირებას საერთაშორისო ინსტიტუტებს, როდესაც ქვეყანა არ ითვალისწინებს საერთაშორისო რეკომენდაციებს, ის თავად ირჩევს გზას არა ცივილიზებული და განვითარებული ქვეყნის შექმნისკენ, არამედ ოლიგარქის მმართველობისკენ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ ემზადება ყრილობისთვის და გადამწყვეტი ბრძოლისთვის.

„პარტიამ უკვე დაიწყო როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ხელმოწერების შეგროვება, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები მაინც ჩატარდეს სამართლიან გარემოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა დესტაბილიზაციის გზაზე დადგება“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google