ნინო ბურჯანაძე გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშის შეხვდა
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შეხვედრებს აგრძელებს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ელჩებთან. ამჯერად, პარტიის ლიდერი გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშის შეხვდა.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ გერმანიის ელჩთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო.

„მოგეხსენებათ, რომ ბატონი ჰუბერტ ქნირში არცისე დიდი ხანია, რაც საქართველოშია. ჩვენი შეხვედრა დაგეგმილ დროზე მეტ ხანს გაგრძელდა, რაც ბუნებრივია მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი დიალოგი იყო საინტერესო. საუბრის დასაწყისში ჩვენ გავიხსენეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი და დიდი იყო გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში. მისი სურვილია, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა არათუ გაგრძელდეს, არამედ გაღრმავდეს.

ბატონ ელჩს ვაცნობე, რომ ქვეყანა არის მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში, რაც გამომდინარეობს არაჯანსაღი საარჩევნო სისტემიდან, რაზეც ელჩმა განაცხადა, რომ ის დიდი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ხაზი გაუსვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიის ხარისხის ამაღლება საქართველოში და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. ბატონ ჰუბერტ ქნირშს მე გავაცანი ჩემი და ჩემი გუნდის სამომავლო გეგმები.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე უკვე შეხვდა ევროკავშირის, საფრანგეთის და გერმანიის ელჩებს, მომავალ კვირაში შეხვედრები სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან კვლავ გაგრძელდება.
FaceBook Twitter Google