ანზორ ბიწაძე - პანკისის მოვლენებით ხელისუფლებამ სახელმწიფო აზარალა
პანკისში ხელისუფლების მხრიდან დაშვებული იყო არა ერთი ან ორი შეცდომა, არამედ, ჩვენ მივიღეთ შეცდომების მთელი კრებული, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

როგორც მან აღნიშნა, პანკისის მოვლენები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, რაც ცუდად მეტყველებს საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე. ანზორ ბიწაძემ ასევე ხაზი გაუსვა სოხუმისა და ცხინვალის რეაქციებს.

„იმას, რასაც ჩვენ აქ ვუყურებდით პირდაპირ ეთერში, ამას უყურებდნენ ცხინვალში და სოხუმში. მეორე დღესვე სიუჟეტები გამოქვეყნდა „ბი-ბი-სი“-ზე და „როიტერზე“, როგორც ძალადობრივ ფაქტზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი გარანტირებულად აისახება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაშიც. პანკისის იმ ერთი დღის მოვლენა ძალიან ცუდად იმუშავებს საქართველოს წინააღმდეგ, ძალიან ცუდად მეტყველებს უკვე ჩვენს სახელმწიფოზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხემ ჩაიარა. ხელისუფლებას შეიძლება ძალიან არ უნდა ამის აღიარება, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ პანკისის მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, ამან სახელმწიფოებრივად ძალიან დაგვაზარალა. ხელისუფლება მათ დაჭერით კი არ უნდა ემუქრებოდეს, როგორმე უნდა ეცადოს ამ ურთულესი ვითარებიდან სასწრაფოდ გამოსავალი იპოვოს", - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ.
FaceBook Twitter Google