ნინო ბურჯანაძემ შვეიცარიის ელჩს პატრიკ ფრანცენის პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შვეიცარიის კომფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პატრიკ ფრანცენის შეხვდა. ნინო ბურჯანაძემ ელჩთან შეხვედრაზე გაიხსენა თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო შვეიცარიის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში.
როგორც ნინო ბურჯანაძე განმარტავს, შვეიცარიის ელჩი საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების შესახებ და ხაზი გაუსვეს 2020 წლის არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების აუცილებლობას.
ელჩმა საინტერესო მაგალითები მოიყვანა შვეიცარის განვითარების ისტორიიდან, ისაუბრა იმ სისტემაზე, რამაც შვეიცარიას წარმატება მოუტანა, პარალელი გაავლო საქართველოსთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ ეს ორი ქვეყანა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ამიტომაც კარგი იქნება თუ საქართველო შვეიცარიის მაგალითებით იხელმძღვანელებს.
„საქართველოს შეუძლია ისეთივე წარმატებული და აყვავებული იყოს როგორც შვეიცარიაა, ოღონდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობა, სამართლიანი არჩევნების ჩატარება და რეალური მრავალპარტიულობა ქვეყნის მართვაში.“ - აღნიშნა პატრიკ ფრანცენმა.
ნინო ბურჯანაძემ შვეიცარიის ელჩს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო და როგორც პარტიის ლიდერი აცხადებს, მან პირადად დაპატიჟა პატრიკ ფრანცენი „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ყრილობაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში არის დაგეგმილი.
როგორც ნინო ბურჯანაძე განმარტავს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ის თხოვნით მიმართავს ყველა ელჩს, რომ დაეხმარონ ოპოზიციურ პარტიებს, რათა გარკვეული ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე, რათა მან ვერ შეძლოს 2020 წლის არჩევნების გაყალბება.
შეხვედრის დასრულებისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ყველა ელჩი იზიარებს წუხილს გასული არჩევნების ლეგიტიმურობასთან და დარღვევებთან დაკავშირებით და ყველა მათგანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნებს ევროპა გამადიდებელი შუშით დააკვირდება. პატრიკ ფრანცენთან საუბარში ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისი პარტიის მონაწილეობა დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებში, რადგან არჩევნების შედეგების კიდევ ერთხელ გაყალბებას მძიმე შედეგები და დესტაბილიზაცია მოჰყვება, რაც ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.
FaceBook Twitter Google