ნინო ბურჯანაძე - ომის ვეტერანებს დაფასება სჭირდებათ და სამწუხაროა, რომ ბევრი გულისტკივილი შეხვდათ მათ მომდევნო თაობებისგან
ომის ვეტერანებს ძალიან დიდი დაფასება სჭირდებათ და სამწუხაროა, რომ ბევრი გულისტკივილი შეხვდათ მათ მომდევნო თაობებისგან, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით განუცხადა. მან უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო და ადგილზე შეკრებილ ომის ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა.
„მინდა მთელ მსოფლიოში ყველას მივულოცო მეორე მსოფლიო ომში, ფაშიზმზე გამარჯვება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს მინდა მივულოცო. ამ ადამიანებს ძალიან დიდი დაფასება სჭირდებათ და სამწუხაროა, რომ ბევრი გულისტკივილი შეხვდათ მათ მომდევნო თაობებისგან. მათ ყველაფერი აქვთ გაკეთებული იმისთვის, რომ ღირსეულად შეხვედროდნენ თავიანთ სიბერეს. ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დღეა. საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა და ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სამამულო ომში პროცენტულად მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ საქართველოდან წავიდა. 700 000 კაციდან 300 000 არ დაბრუნდა და თითოეული ჩვენგანის ვალია, ვისაც ესმის სამშობლოს სიყვარული, უფროსის პატივისცემა და ის ტრაგედია, რაც ამ წლებში მოხდა, ქედი მოვიხაროთ ამ ადამიანების წინაშე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვინც არის დარჩენილი, მათ სიცოცხლის წლები გავულამაზოთ,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google