ნინო ბურჯანაძე ფრანგ პარლამენტარებს შეხვდა
საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საფრანგეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, საპრლამენტო ოპოზიციის ლიდერები და არსამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური.
როგორც ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, ფრანგი სტუმრები დაინტერესდნენ თუ როგორ აფასებდნენ ოპოზიციის ლიდერები საქართველოში მიმდინარე პროცესებს. საუბარში ლიდერებმა გამოყვეს - არაფორმალური მმართველობა, უსამართლო საარჩევო სისტემა და ხელისუფლების მხრიდან სასამართლოსა და მედიის მიმართ ზეწოლა. ხაზი გაესვა იმ ფაქტს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური სპექტრისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და ისევ არ განმეორდეს ის უმძიმესი დარღვევები, რაც ყველა წინა არჩევნების დროს იქნა გამოვლენილი.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საფრანგეთის მხარეს თხოვა, საერთაშორისო თანამეგობრობამ და განსაკუთრებით საფრანგეთის სახელმწიფომ უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიის განვითარების აუცილებელ პროცესებს. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საფრანგეთმა, რომელიც საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია უფრო ხმამაღლა გააჟღეროსს ის პრობლემები, რომელიც აღნიშნულია ვენეციის კომისიის, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებსა და რეკომენდაციებში და რომელთა სრულ იგნორირებას ახდენს საქართველოს ხელისუფლება.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სურვილი გამოთქვეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს.

FaceBook Twitter Google