ნინო ბურჯანაძე შვედეთის საგანგებო სრულუფლებიან ელჩს ურლიკ თიდესტრომს შეხვდა
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შვედეთის ელჩთან ურლიკ თიდესტრომთან შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ შვედეთის გამოცდილების გაზიარება აუცილებელია საქართველოსთვის, რადგან შვედეთი არის სახელმწიფო, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან, მაგრამ არ არის ნატოს წევრი სახელმწიფო.
როგორც ელჩი აცხადებს, შვედეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს მიაჩნია, რომ ნატოსთან აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი წევრობა რეგიონის უსაფრთხოების თვალსაზრისით კითხვის ნიშნებს აჩენს. ნინო ბურჯანაძემ საქართველოსთან მიმართებაში იგივე პოლიტიკური ხედვა დააფიქსირა.
შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყო. ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში ოლიგარქის მმართველობას და აღნიშნა, რომ შეუძლებელია ქვეყანას პრეტენზია ჰქონდეს ევროკავშირის წევრობაზე, ორიენტირად ასახელებდეს ევროპას და ამავე დროს ქვეყანას მართავდეს ოლიგარქი, რომელიც სახელმწიფოებრივ საკითხებს საკუთარი ინტერესების მიხედვით წყვეტს.
შვედეთის ელჩი დაინტერესდა როგორი იყო ნინო ბურჯანაძის ხედვა და რა გეგმები აქვს მას და მის პოლიტიკურ გუნდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ურლიკ თიდესტროს დეტალურად გააცნო პარტიის უახლოესი გეგმები, ისაუბრა დელეგატთა ყრილობაზე, რომელიც უახლოეს მომავალში ჩატარდება და აღნიშნა, რომ ის აპირებს ბრძოლას, რათა უპირველეს ყოვლის საარჩევნო სისტემა და საარჩევნო გარემო შეიცვალოს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
საუბრის ერთ-ერთი თემა ეკონომიკური განვითარება და შვედეთში გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები იყო. ბატონმა ელჩმა გაიხსენა, თუ რამდენად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა შვედეთს და რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები. ურლიკ თიდესტრომა აღნიშნა, რომ ის მიესალმება თუ კი საქართველო ამ მიმართულებითაც გაიზიარებს მეგობარი შვედეთის გამოცდილებას. ნინო ბურჯანაძემ ურლიკ თიდესტრომს განუცხადა, რომ ამ საკითხზე ორი ქვეყნის თანამშრომლობას აუცილებლობად მიიჩნევს.
შეხვედრის ბოლოს ნინო ბურჯანაძემ და ურლიკ თიდესტრომა ერთმანეთს წარმატებები უსურვეს.

FaceBook Twitter Google