ნინო ბურჯანაძე საბერძნეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს ბატონ დიმიტრი კარაბალისს შეხვდა.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის პირველად შეხვდა ბატონ დიმიტრი კარაბალისს. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, დიალოგი თბილ და საქმიან გარემოში წარიმართა. საუბრის დასაწყისშივე ხაზი გაესვა საქართველოსა და საბერძნეთის სახელმწიფოებს შორის არსებულ კეთილგანწობას და მეგობრობას.
მისმა აღმატებულებამ დიმიტრი კარაბალისმა აღნიშნა, რომ ის ჯერ კიდევ 2008 წლიდან აქტიურად აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ასევე აქვს ინფორმაცია ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გამოცდილებაზე, ამიტომ მისთვისაც საინტერესო იყო ეს შეხვედრა.
როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ბატონ ელჩთან მისი საუბრის ერთერთი თემა კონფლიქტები იყო. საუბარი ორად გაყოფილი კვიპროსის თემას შეეხო და აღინიშნა, რომ კონფლიქტების დარეგულირებას დიდი ძალისხმევა და ფართო მოლაპარაკებების წარმართვა სჭირდება. ასევე აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი არის ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა, მას კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვს რუსეთის სახელმწიფოსთანაც, ვინაიდან საბერძნეთის პოლიტიკურმა ინსტემბლიშმენტმა კარგად იცის მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა.
საბერძნეთის ელჩთან საუბრისას დრო დაეთმო საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისათვის აუცილებელ პირობებს.
ნინო ბურჯანაძემ ბატონ ელჩს „დემოკრატიული მოძრაობის“ გეგმები გააცნო, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტია გეგმავს დელეგატთა ყრილობის ჩატარებას, სადაც სხვა ელჩებთან ერთად მიწვეული იქნება საბერძნეთის ელჩიც. ამასთან დაკავშირებით, ბატონმა დიმიტრი კარაბალისმა დიდი ინტერესი გამოხატა და პარტიის ლიდერს მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის.
FaceBook Twitter Google