ნინო ბურჯანაძე ბელორუსის ელჩს მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ელაჩებთან შეხვედრას განაგრძობს და აღნიშნავს, რომ თითოეულ ელჩთან შეხვედრა არის აუცილებელი და საინტერესო.
ნინო ბურჯანაძემ ამჯერად ბელორუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბატონ მიხაილ მიატლიკოვს პარტიის ოფისში უმასპინძლა.

შეხვედრის დასაწყისშივე ორივე მხრიდან ხაზი გაესვა ქართველი და ბელორუსი ხალხის ტრადიციულ მეგობრობას და კეთილგანწყობას. ამასთან დაკავშირებით, ბატონმა ელჩმა აღნიშნა, რომ ბელორუს ხალხს ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები, სწორედ ამის მიმანიშნებელი იყო, მინსკში ჩატარებული თბილისობის ღონისძიება, სადაც ასი ათასამდე ბელორუსმა მიიღო მონაწილეობა.

მიხაილ მიატლიკოვმა სიამაყით აღნიშნა, რომ სწორედ მათ ქვეყანაში განისვენებს, მირზა გელოვანი, რომელმაც სამამაულო ომის დროს ფაშიზმისაგან ბელორუსიის გათავისუფლებას შეწირა სიცოცხლე. ნინო ბურჯანაძემ ბატონ ელჩს მადლობა გადაუხადა ქართველი პოეტის დაფასებისთვის და იმისთვის, რომ ბელორუს ხალხს დღემდე არ ავიწყდება პატივი მიაგოს ქართველი პოეტის საფლავს, რომელიც ყოველთვის ყვავილებით არის შემკული. ბატონმა ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელორუსიის ხელისუფლებას არ ავიწყდება არც ის ქართველი ვეტერანები, რომლებმაც იბრძოლეს ბელორუსიის გასათავისუფლებლად. უახლოეს მომავალში, ბელორუსიის ფაშიზმისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ისინი შეხვდებიან იმ ქართველ ვეტერანებს, რომლებიც იბრძოდნენ და იცავდნენ ბელორუსიას.

ნინო ბურჯანაძემ და მიხაილ მიატლიკოვმა ისაუბრეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე. საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელორუსიას შორის სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობას და კმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ორ ქვეყანას შორის ექსპორტი და იმპორტი იზრდება, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ პოტენციალი საკმაოდ დიდია და მისი სრულად გამოყენება ორივე სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


FaceBook Twitter Google