ნინო ბურჯანაძემ და ირანის ელჩმა რეგიონის სტაბილურობაზე და უსაფრთხოებაზე ისაუბრეს
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბატონ სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა. როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, შეხვედრა საკმაოდ საქმიანი და საინტერესო გახლდათ.

უპირველეს ყოვლისა, ნინო ბურჯანაძემ ბატონ ელჩს ირანის სახელმწიფოსა და ირანელი ხალხის მიმართ მისი პატივისცემა დაუდასტურა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ის დიდი ყურადღებით აკვირდება ირანში და ირანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, აქედან გამომდინარე ირანელ ხალხს უსურვებს მშვიდობასა და სტაბილურობას. ბატონმა ელჩმა ნინო ბურჯანაძეს მადლობა გადაუხადა კეთილი სურვილებისათვის და თავის მხრივ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ თავადაც პატივისცემა და კეთილგანწყობა დაადასტურა.

მხარეებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ირანის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობას. მოსაზრება გამოითქვა, რომ ირანს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რომლის გამოყენება საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი დიდი პერსპექტივა იქნება.

ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა, რომ საქართველო პრინციპულად არის დაინტერესებული ირანთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხი მოგვარდეს საერთაშორისო სამართლის და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების გათვალისწინებით, ვინაიდან ირანი არის მეზობელი სახელმწიფო და ირანში არასტაბილურობამ, შესაძლოა რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში არასტაბილურობა გამოიწვიოს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საქმის კურში ჩააყენა და გააცნო პარტიის სამომავლო გეგმები. ხაზი გაუსვა, თუ რამდენად არის აუცილებელი სტაბილურობა იმისთვის რომ ქვეყანამ წინსვლა განაგრძოს .

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს მშვიდობიანი განვითარება და ქვეყნის აღორძინება უსურვეს.
FaceBook Twitter Google