ნინო ბურჯანაძე: „სააკაშვილი დღესაც ხელისუფლებაში იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო 26 მაისი“
„დემოკრტიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე თანაგუნდელებთან და 2011 წლის 26 მაისის აქცის მონაწილეებთან ერთად პარლამენტის შენობასთან მივიდა. მათ პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც მაშინდელი ხელისუფლების სისატიკეს ემსხვერპლნენ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის შენობის წინ განცხადება გააკეთა:

„2011 წლის 26 მაისი, ეს არის ისტორიის საკუთრება. იმ საშინელ ღამეს აქ იდგნენ ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს ბრძოლა სიმართლისათვის და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. იმ ღამეს აქ იდგნენ ადამიანები, რომლებმაც გაბედეს სასტიკი და დაუნდობელი ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა და მთავარ იარაღად მშვიდობიანი პროტესტი აირჩიეს.

გულდასაწყვეტია, რომ ამ ადამიანების სისხლის ფასი დღემდე სათანადოდ არ არის დაფასებული და შეფასებული. არ გვეღირსა ხელისუფლება, რომელიც 26 მაისის ტრაგიკულ ღამეს სამართლიანად გამოიძიებდა, დღემდე დაუსჯელია 26 მაისის აქციის დარბევის ორგანიზატორები და შემსრულებლები.

დღევანდელ ხელისუფლებას ავიწყდება, რომ სწორედ 26 მაისის ღამემ გადატეხა წელში „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. რომ არ ყოფილიყო 26 მაისი, სააკაშვილი დღესაც ხელისუფლებაში იქნებოდა და ვერც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ვერ მოვიდოდა ხელისუფლებაში.

მინდა ქედი მოვიხარო, იმ მრავალრიცხოვანი გაბედული ადამიანის წინაშე, ვინც 26 მაისის ღამეს ჩვენთან ერთად იდგა და იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისათვის. მე მათ ვპირდები, აუცილებლად დადგება დრო, როდესაც დამნაშავეები პასუხს აგებენ. ეს არ იქნება რევანში, ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა.

მე მათ ვპირდები, ჩვენ გავიმარჯვებთ იმ დიად საქმეში, რისთვისაც სიცოცხლის ფასად ვიბრძოლეთ“.
FaceBook Twitter Google