გიგლა ბარამიძე - დამოუკიდებლობის დღეს რომ ზეიმობდით, სად იყო ხალხი?!
„ვინ ჩაიბარა ჯარისკაცების ფიცი? იმ ადამიანმა ჩაიბარა, რომელიც ქართულად ვერ მეტყველებს. აღლუმი ჩაიბარა პრემიერმა, რომელმაც საკუთარი კეთილდღეობისთვის მშობელ დედას სასამართლოში უჩივლა. ჯარისკაცებისგან ფიცი მიიღო კულულებიანმა ორფეოსმა - პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც კანონების წერის ნაცვლად გიტარას ატრიალებს, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე 26 მაისის ღონისძიებას.

გიგლა ბარამიძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დავით გარეჯი შეახსენა და აღნიშნა, რომ ჯარისკაცების ნაწილს ფიცი სწორედ იქ უნდა დაედო.

„დავით გარეჯი რამდენიმე აქტივისტის ამარა არ უნდა დაგეტოვებინათ, ჯარისკაცებისთვის გვეთქვა, თქვენ ჩვენი შვილები ხართ, მაგრამ ცოტა ხანს გაჩერდით, ნატო-ს დროშების ფრიალს მერეც მოასწრებთო. ჯარისკაცები რუსთაველის გამზირზე კი არ უნდა დაგეყენებინათ, არამედ იქ, საიდანაც საქართველოსთვის წართმეული ტერიტორიები ჩანს. ნაწილი დავით გარეჯში წაგეყვანათ და იქ დაედოთ ფიცი.

თქვენს გამოსვლაში, გიორგი მერჩულე რომ მოიხსენიეთ, შე კაი დედმამიშვილო, ისტორია თუ გახსოვს, იმაზე რატომ არ რეაგირებ, დავით გარეჯში ისტორიას რომ გართმევენ. ან თქვენ რომ ზეიმობდით, დამოუკიდებლობის დღეს, სად იყო ხალხი?!

საგანგებოდ მოწყობილ ტრიბუნებზე მარტო ხელისუფლების წარმომადგენლები ისხდნენ. კიდევ იმ პარტიის ლიდერები გყავდათ მიწვეული, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირი ქართველების სისხლით მორწყეს“, - აღნიშნა გიგლა ბარამიძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე შს სამინისტროს მიერ დამოუკიდებლობის ზუგდიდში აღნიშვნის ფაქტსაც გამოეხმაურა.

„არ მესმის, რატომ უნდა აღნიშნოს პოლიციამ დამოუკიდებლობის დღე ცალკე. გახარიამ რამე ცალკე ავტონომია შექმნა, თუ რა ხდება? შეიძლება, შს მინისტრი პოლიციელებს, ფიცის დადების ნაცვლად, საყელოს აწევას ასწავლის, ანდა შეიძლება იმის კურსებს გადიან, თუ როგორ ჩააპაჭუნონ სინქრონულად, ერთად თვალი. მე არ მესმის, რატომ უნდა აღნიშნოს პოლიციამ ცალკე დამოუკიდებლობის დღე. ასეთი იდეა მხოლოდ ,,ოცნების“ გენიოსურ ტვინებში შეიძლება მოიხარშოს. იმან, რაც 26 მაისს ვნახეთ, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ამ ხელისუფლებას არაფერი აქვს სახელმწიფოებრივი და პატრიოტული“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.
FaceBook Twitter Google