ბესო დანელია - დემოკრატიული მოძრაობა“ სოლიდარობას უცხადებს ჭიათურისა და ტყიბულის მაღაროელებს
„ჭიათურაში პარალიზებულია მთელი ქალაქი, ამ სიტუაციამდე ეს ქალაქი ჩვენი ხელისუფლების უპასუხისმგებლო განცხადებებმა მიიყვანა“, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბესო დანელიამ განაცხადა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციით, დანელიამ აღნიშნა, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ სოლიდარობას უცხადებს ჭიათურისა და ტყიბულის მაღაროელებს.

„მას შემდეგ, რაც გაფიცულებმა პირი ამოიკერეს, ქვეყნის პრეზიდენტმა გამოგვიცხდა, რომ ეს თურმე, მას არ ეხება. ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც არ ეხება მისი მოქალაქეების პროტესტის უკიდურესი ფორმა. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ვიდრე მოლაპარაკებები არ შევა ჩიხში, ხელისუფლება არ აპირებს ჩარევას. ბოლოს დაასრულა ეკონომიკის მინისტრმა, რომ ის არ აპირებს ჩარევას მაღაროელების პრობლემის მოგვარებაში.

როდესაც შენი ქვეყნის ყველაზე ინდუსტრიული ქალაქი არის პარალიზებული, დახურულია სკოლები, ბაღები, მაღაზიები და სრული მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული, არ ვიცი, ეს როგორ შეიძლება, არ ეხებოდეს ხელისუფლებას. მაღაროელები ის ხალხია, ვისი სიცოცხლე ყოველდღე საფრთხის ქვეშ დგას. ამ ადამიანებს, პრეზიდენტიდან დაწყებული, ეკონომიკის მინისტრით დამთავრებული, სოლიდარობას კი არ უცხადებენ, აბუჩად იგდებენ. ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულად არის მაღაროელების შრომა დაფასებული, სახელმწიფო განსაკუთრებულად ზრუნავს მათზე. საქართველო გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც თურმე არც პრეზიდენტს, არც პრემიერს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც ეკონომიკის მინისტრს ეს არ ეხება“. - განაცხადა დანელიამ.
FaceBook Twitter Google