ნინო ბურჯანაძე: "გავაკეთოთ ყველაზე მთავარი, რაც გაამთლიანებს ქვეყანას"
,,აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ ამ წლების მანძილზე არცერთ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ურთიერთობების დასარეგულირებლად და კონფლიქტების საკითხის მოსაგვარებლად" - ამის შესახებ ,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მუხათგერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

ნინო ბურჯანაძემ ოჯახისა და პარტიის წევრებთან ერთად პატივი მიაგო აგვისტოს ომში გარდაცვლილთა გმირების ხსოვნას და მათი საფლავები საპატიო გვირგვინით შეამკო.

,,პირველ რიგში, ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც თავი შესწირა სამშობლოსათვის ბრძოლას, მინდა მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს გმირების აღზრდისთვის და ბუნებრივია ვუთარგნძნობ ყველა დაღუპულის ოჯახს.

ეს ისეთი ტკივილია, რომელიც წლების გასვლის მიუხედავად მხოლოდ მატულობს.

სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ აგვისტოს ომის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა და არაფერი გაკეთებულა საქართველოს ერთიანობისათვის და მთლიანობისთვის, რეალურად არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რისთვისაც ეს ადამიანები იბრძოდნენ.

არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა წინ ურთიერთობების დარეგულირებისა და კონფლიქტების საკითხების მოგვარებისათვის, რის გამოც ქვეყნის გამთლიანების უფრო მცირე შანსი რჩება.

მე ვისურვებდი, გავაკეთოთ ყველაზე მთავარი, რაც სჭირდება ქვეყნის ერთიანობას და სიძლიერეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით პირნათელი ჩვენი გმირების სულის წინაშე". - განაცხადა ,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google